|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აპელაცია შეცვლის სურათს" - ბაღდათის ბაღებში ჩატარებული კონკურსის შედეგები გადაიხედება

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებაში ჩატარებული კონკურსით უკმაყოფილო ადამიანები დაწესებულებასთან მივიდნენ და შედეგები გააპროტესტეს. შენობასთან წესრიგის დასაცავად სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.

ააიპის მმართველის თამარ ფაიქიძის განცხადებით, მათთვის ვინც კონკურსის შედეგებით უკმაყოფილოა, შესაძლებელი იქნება აპელაცია.

"გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ უკმაყოფილო ადამიანები მოვიდნენ ჩემთან, მაგრამ მე არ შემიძლია მათ კონკრეტული პასუხი მივცე. რამდენიმე ადამიანმა გამოხატა აგრესია, დანარჩენებმა სწორად გაიგეს. შევთანხმდით,  რომ იქნება აპელაცია. კონკურსი ვინც ჩაატარა, ისინი ჩამოვლენ და ნებისმიერ პრეტენზიას განიხილავენ", - განაცხადა ფაიქიძემ.

ის ასევე უარყოფს ბრალდებებს კადრების პოლიტიკური ნიშნით  შერჩევის შესახებ.  მისი თქმით, ჯერჯერობით კონკურსის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან "აპელაცია შეცვლის სურათს".

ბაღდათის ააიპი "სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ გამოცხადებულ დაახლოებით 170 ვაკანსიაზე მოსახვედრად კონკურსში 270-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.  შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულებები სავარაუდოდ 10 სექტემბრისათვის გაფორმდება, ხოლო სწავლა საბავშვო ბაღებში 24 სექტემბერს განახლდება.

გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება ხელფასების ზრდა, მცირედით მისივე თქმით, მოლოდინის მიუხედავად, პერსონალის მნიშვნელოვნად განახლება ვერ მოხდა და კონკურსი შედეგედ მხოლოდ რამდენიმე "ახალი სახე" მიიღეს.

 შეგახსენებთ, ააიპში ჩატარებული კონკურსის შედეგებს უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" წევრის შალვა დათუაძის განცხადებით, ჩატარებული კონკურსის შედეგად მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ ხელდასმული კადრები შეარჩიეს. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, კონკურსის შედეგად უარყოფითი შედეგები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსთან" დაკავშირებული ადამიანების  ოჯახის წევრებმა.   მისივე თქმით, წმენდაში მოყვნენ ასევე "ქართული ოცნების"  "წინა თაობის" კადრები.

ავტორი: ირინა მაკარიძე