|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბუნების საოცრება" - ქუთაისის ახლადაღმოჩენილი მღვიმის უნიკალურობას სპეციალისტები ადასტურებენ

ბუნების საოცრება, უნიკალური ადგილი - ამგვარად იხსენიებს ქუთაისში ახლადაღმოჩენილ მღვიმეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი. მისი განმარტებით, ჭახათის მღვიმეს, შესაძლოა,  ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მღვიმეს სპეციალისტები შეისწავლიან.  

"მღვიმესთან დაკავშირებით ინფორმაცია გვაქვს, მღვიმეს, შესაძლოა, მიენიჭოს ბუნების ძეგლის სტატუსი, თუმცა, ჩვენი თანამშრომლების, გეოგრაფიის ინსტიტუტის და ადგილობრივების ინფორმაციით, მღვიმე არის ბუნების საოცრება, უნიკალური ადგილი, თუმცა ჩვენ სააგენტოში ვგეგმავთ ადგილზე კიდევ უფრო მეტ შესწავლას, რის შემდეგაც გაირკვევა სტატუსის საკითხი"-განუცხადა მან  "ნიუპრესს". 

რაც შეეხება ვადებს, ნატა სულთანიშვილის თქმით, ამ დროისათვის სააგენტოს 200-მდე ობიექტის საკითხი აქვს განსახილველი, რომელთაც ასევე, შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჭახათის მღვიმის შესწავლის საკითხი დროში მნიშვნელოვნად გაჭიანურდება. მისი თქმით,  ქუთაისში მივლინება მოკლე დროში იგეგმება. 

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, მღვიმის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე აუცილებელია მღვიმის ჩასასვლელს გაუკეთდეს კარები, წინააღმდეგ შემთხვევაში,  შესაძლოა, ადგილზე ნაღვენთი ფორმები დაზიანდეს.

"რაც შეეხება სტატუსის მინიჭებას, ამისათვის არსებობს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში მეც ვარ. იმის თქმა, რომ პატარაა და არ მიენიჭება სტატუსი, ესაა არაკომპეტენტურობა. მღვიმე, შეიძლება, მოცულობით პატარაა, მაგრამ იმ ნაღვენთ ფორმებს რა ვუყოთ, რაც უნიკალურია და  იშვიათია?", -განაცხადა მან.  

 დვალაშვილის თქმით, ის მღვიმისათვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების მომხრეა. მისივე თქმით, დაცული ტერიტორიის საგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭებას პარლამენტი ახდენს.

 შეგახსენებთ, ქუთაისელი ექიმის ვახო სიხარულიძის მიერ აღმოჩენილ მღვიმეს სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, როგორც სიხარულიძემ განაცხადა, მას არაოფიციალურად განუმარტეს, რომ მღვიმისათვის სტატუსის მინიჭება მისი მცირე ზომების გამო არ მოხდებოდა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა