|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში გვაქვს სამოქალაქო აქტივობა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ"- შოთა მურღულია

 ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გია უკლებას ბრალდებას ქალაქის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ უპასუხა. მურღულიას თქმით, კითხვები არა პირადად მის მიმართ, არამედ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით დაისვა.

"ეს კითხვები არის საქმესთან დაკავშირებით და არა მურღულიას მიმართ. სადაც საჯარო ფული იხარჯება, იქ ყოველთვის არსებობს კითხვები, მაგრამ არსებობს პასუხებიც. ჩემს წინამორბედებზეც არსებობდა კითხვები, ჩემი მუშაობის პერიოდთან დაკავშირებითაც რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მაგრამ ეს ისე არ გაიგოთ, რომ პირადად ჩემს მიმართ იყო შეკითხვები. წელიწადზე მეტია, იგივე ასათიანის ქუჩასთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა, მაგრამ რამე რომ ყოფილიყო, ამდენხანს გახდებოდა ცნობილი. თუ უკლებას უნდა კრიმინალი მეძახოს, მე შემიძლია მას უფრო სახალხო ენით ვუპასუხო, რაც მის გონებრიბ განვითარებას უფრო შეეფერება. კრიმინალი უფრო კარგი სიტყვაა იმასთან შედარებით, რაც მას შეიძლება ვუწოდო", - აღნიშნა მურღულიამ "ნიუპრესთან" საუბარში. 

ქუთაისის ყოფილი მერი  კატეგორიულად გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ მისი გააქტიურების მიზეზი აღნიშნული კითხვები გამხდარიყოს. მისი თქმით, მას სამოქალაქო აქტიურობის დაწყება ქუთაიში არჩევნების დაბალმა შედეგმა და "ძალადობრივი სისტემის" დაბრუნების საფრთხემ აიძულა.  

"მე ჩამოსული ვარ, ჩემს თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად გვაქვს სამოქალაქო აქტოვობა "ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ". არანაირ შტაბში არ ჩავრთულვარ, მე მაქვს ჩემი საქმე, ვმუშაობ, ვარ სრული პროფესორი, ვარ  სხვადასხვა პროექტებში ჩართული და არანაირი სურვილი არ მაქვს, დავუბრუნდე პოლიტიკას.  არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა, თითქოს დაბრუნებას ვაპირებ, გამორიცხულია, ერთ წყალში ორჯერ არასოდეს შევდივარ და საერთოდ, პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვფიქრობ, არათუ ქუთაისის დონეზე", - განაცხადა მან. 

კითხვაზე, რამ გადააწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა და იყო თუ არა ეს ივანიშვილის მოწოდებაზე პასუხი, აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივობის წამოწყება თანამოაზრეებთან ერთად უფრო ადრე გადაწყვიტა. "მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ერთად გადავწყვიტეთ ეს. აქ გაერთიანებული არიან ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის დასაწყისიდან ჩართული ვიყავით იმ პროცესში, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო ძალადობრივი ხელისუფლება, არა იმიტომ, რომ ვინმეს ან სამსახური გვაკლდა, ან რამეს მოველოდით ხელისუფლების ცვლილებით. ზუსტად ეს ადამიანები შევიკრიბეთ... ქუთაისმა რომ ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა, ეს ძალიან ცუდად მივიღეთ.  ჩვენი მთავარი ამოცანაა, იმ გაზრაზებულ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებმაც, რა თქმა უნდა, მმართველობის შეცდომებზე გაზრაზებულებმა გადაწყვიტეს, მთავრობა დაესაჯათ, მაგრამ, მგონი, არ იყო სწორად მიწოდებული, რომ ძალადობრივი სისტემას დაბრუნება არ შეიძლება. მოძალადე სისტემის შეცვლის მე არ მჯერა", - აცხადებს შოთა მურღულია.

მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობას ოფისი ირაკლი აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, კიკვიძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს აქვს. მურღულიას თქმით, ოფისი უკვე მეორე დღეა ფუნქციონირებს, რაც შეეხება საოფისე ხარჯებს, მისივე თქმით, თავიანთი შეგროვებული თანხით აანაზღაურებენ. როგორც ქალაქის ყოფილი მერი ამბობს, დიდი თანხების მობილიზება არ დასჭირდებათ, რადგან უკვე ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ აქტივობაში. 

 შოთა მურღულიას თქმით, ქუთაისში ამ მოძრაობას თვითონ არ ხელმძღვანელობს, არამედ ყველა ხელმძღვანელია. "სამოქალაქო აქტივობის მთავარი არსი არის, რომ აქ ამას არავინ ხელმძღვანელობს, აქ ყველა ხელმძღვანელობს და ყველა ჩართულია ამაში, ესენი არიან თავიანთ სფეროში წარმატებული ადამიანები. თუ გაინტერესებთ, იმასაც გეტყვით, 10 თუ 15 ლარს ვდებთ. იმდენი ადამიანი მოდის, ბევრის დადება არ მოგვიწევს".

 მისი თქმით, ეს არ არის "ქართული ოცნებისათვის" გაწეული დახმარება, შესაბამისად, ეს გაღებული ხარჯები, ქართული ოცნებისათვის გაწეულ შემოწირულობად არ უნდა ჩაითვალოს. "ქართული ოცნება" თავად არ ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, შეიძლება მკითხოთ, სალომე ზურაბიშვილისათვის ხომ არ ვაკეთებთ ამას.  ჩვენ გავწევრიანდიანდით "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.  ჩვენი მთავარი ამოცანაა -  არა ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას",- აცხადებს ის.

კითხვაზე, რომ გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია და არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", მურღულია აცხადებს: "ეგ სვლა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვას, ვითომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ არის, ამას მე ვერავინ დამაჯერებს, ჩემთვის ეს არის ნაციონალური მოძრაობა". 

 ქუთაისის ყოფილმა მერმა ქალაქის ამჟამინდელ მერთან მის ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა: "ჭიღვარიასთან მაქვს ზუსტად ისეთი ურთიერთობა, როგორიც მქონდა". 

ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალეს ქუთაისის მერიაში. 

შეგახსენებთ, დღეს გია უკლებამ განაცხადა,  რომ "ორი კრიმინალი, ჭიღვარია-მურღულია ზურაბიშვილის დასახმარებლად გაერთიანდა. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა