|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს ვიდეო დარჩა, როგორც საჩუქარი" (ვიდეო)

"მიწას ამოსკდა ყვავილი, ქორფა, სადარი მზის. ისევ და ისევ ძარღვებში სისხლი ველური მდის", - ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა პოეტი სპარტაკ გოქაძეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. იგი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობდა, მალე სასწავლებელს დაასრულებდა, უამრავი გეგმა ჰქონდა. "გერმანიაში წავიდეთო",– მითხრა ერთხელ. სწავლის გაგრძელებაზე, მუშაობასა და წარმატებული კარიერის შექმნაზე ოცნებობდა, კიდევ სიყვარულზე... გულმა უმტყუნაო, უთქვამს ექიმს. სპარტაკი ხშირად იღებდა მონაწილეობას უნივერსიტეტში გამართულ პოეზიის საღამოებში, მისი ლექსები სევდითა და სიყვარულითაა სავსე. "დავიღალეო" , – იტყოდა ხანდახან. მხიარულიც იყო და სევდიანიც.

"გრძნობებს ფარულად ვაშიშვლებ, მაგრამ ვის უნდა, ვის?! შენ ჩემო მარტის ამინდო, შენზედ ლექსები მცლის. ახლად გასხლული ვაზი ვარ, ცრემლები ღვარად მდის...!", – წერდა ახალგაზრდა პოეტი. წელს ერთად მოვინახულეთ სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერიც. წვიმიანი ამინდი იყო და "ხვლიკისფერი სვეტიცხოველის" ნახვამ "დიდოსტატის მარჯვენა" გაგვახსენა. გზაში ლექსებს ვკითხულობდით. "ლექსი დავწერე და წაგიკითხავო", – მერე აღარ წაუკითხავს. ბოლო საუბრებიდან მახსოვს, ამბობდა, ცეკვა ვერ ვისწავლე, არ მიხდება მგონი, ვისწავლიო ნეტავ საერთოდო? – რატომაც არა მეთქი. გაეცინა. კარგიო.

"– პიანინოზე უკრავ?

– არა, არ მისწავლია რატომღაც, ცეკვაზე დავდიოდი მარტო.

– მე მინდოდა მესწავლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ შვილებს ვასწავლი აუცილებლად, ბევრი შვილი მეყოლება და ვასწავლი",– ესეც ჩვენი ერთ–ერთი დიალოგიდან.

სპარტაკი ამ ბოლო დროს ხშირად მიკითხავდა თავის ლექსებს, ან ლექსებს, რომელიც მოსწონდა.  ამბობდა, რომ პოეზია მისთვის ყველაფერი იყო. როგორც პოეტი და როგორც უბრალო ადამიანი საოცრად კეთილი იყო, განიცდიდა სხვის ტკივილს და უხაროდა სხვისი სიხარული.

"რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვრწმუნდები, რომ გზა, რომელზედაც მიდიხარ, რაც  უნდა ადვილი სავლელი იყოს, მაინც რთული გასავლელია, რადგან იქ უამრავი ადამიანი გხვდება წაქცეული. თუ ვინმეს წამოდგომაში დაეხმარები და მეგზურობას გაუწევ, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება, რადგან გზა არ შეგეშალოს და არასწორი გზით არ წაიყვანო შენი გადარჩენილი", – მითხრა ერთხელ.

სარვამარტოდ "ნიუპრესში" მასალა მოვამზადეთ. ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებს შორის იყო სპარტაკიც. ახლა ეს ვიდეო დარჩა, როგორც სპარტაკის საჩუქარი მისი ლექსების მოყვარულებს.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა