|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

სიყვარული ნებართვის გარეშე

ნინო 22 წლისაა და სოფელში ცხოვრობს. მას შვილი გაუჩნდა, უფრო სწორად „უკანონო“ ბავშვის დედა გახდა. სოფელმა სიყვარული ვერ აპატია. საზოგადოება მორწმუნეა და სოფლის ნამუსს ვერ შეარცხვენინებდა.

 განაჩენის გამოტანისას განსაკუთრებით ქალები აქტიურობენ. ვაჟკაცები ეზრდებათ და ნინოში მომავალ საფრთხეს ხედავენ.

დედას სირცხვილზე მეტად შვილი სტკივა და ჩუმადაა.

მამა შერცხვენილია და ღირსების აღსადგენად მზადაა შვილს ვერდიქტი საკუთარი ხელით გამოუტანოს.

ძმა "კაი ბიჭია" და ვერ დაუშვებს შერცხვენილმა იაროს. იმეტებს დას, რომლის თვალებითაც ბავშვობის აჩრდილები უცქერენ.

პოლიცია მორალის დამცველია და დანაშაულს ვერ ხედავს. 

მეზობელმა წინასწარ იცოდა, კარგად რომ არ დადიოდა და მოიტეხდა კისერს.

მეგობარი გასათხოვარია და უკლებს მასთან სიარულს - „მისნაირი“ არ ეგონოთ.

 „გაბოზდაა!" - დაასკვნა ნათესავმა ბებომ. გადმოცდილი ქალია და მაგას არაფერი შეეშლება!

საზოგადოება წუხს გაჩენილი ბავშვის სქესის გამოც. ვინ ითხოვს დამღა დადებულს, დედას დაემსგავსება?!.

ქვეყანაში გენდერული თანასწორობისთვის ბევრს მუშაობენ.

კანონი იცავს გოგოს უფლებას, მაგრამ ვერ იცავს თავად გოგოს.

სხვის უფლებას არავინ არღვევს, თუ წესიერად მოიქცევი. 

რა სიყვარული, ვის გაუგია სიყვარული „დოკუმენტის“ გარეშე?

 ტრადიციები ძლიერია და გაიმარჯვა, ბედნიერებაა ძნელი.

სოფელი მშვიდადაა და ზრდის "ნაბიჭვარს", ტრადიციებისთვის ხარკად შესაწირად.

სოფელი ბრძენია, სოფელში ძალადობას რა უნდა?!. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი