|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე ოპოზიციურ მოძრაობას "ძალა ერთობაშია" შეუერთდა

ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე, რომელმაც  გასულ წელს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად #ძალა ერთობაშია ფოტოებზე გამოჩნდა. 

"ნიუპრესთან" საუბარში თევდორაძემ დაადასტურა ოპოზიციურ პოლიტიკურ ერთობასთან კავშირი. მისი თქმით, არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა ივანიშვილის მმართველობის შეცვლის პროცესში მონაწილეობის შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს. 

"მიმაჩნია, რომ გაერთიანებული ოპოზიციური ძალით რეალურად შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. რადგანაც გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდანაც არსებობდა შემხვედრი სურვილი, ვფიქრობ, რომ ამ მოძრაობაში ჩავერთვები, მე ვიქნები შტაბის ერთ-ერთი წევრი"-განაცხადა გია თევდორაძემ. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსთან  გიორგი ვაშაძესთან და გაერთიანების სხვა წევრებთან პირადი მეგობრობა აკავშირებს.

 

ქუთაისის ყოფილი მერი და "ნაციონალური მოძრაობიის" ექსდეპუტატი წლების განმავლობაში პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, "ევროპულ საქართველოში" გადასვლის შემდეგ კი მისი ადგილობრივ ორგანიზაციის უძღვებოდა,  გასულ წელს მან "ევროპული საქართველოც" დატოვა და პოლიტიკიდან გარკვეული დროით ტაიმ-აუტი  აიღო.

ავტორი: ირინა მაკარიძე