|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიუნჰაუზენი ქუთაისში გამოჩნდა - პრემიერა მესხიშვილის თეატრში

 ყველაზე მართალი კაცი, რომელიც თაობებს აკვირვებს და ამხიარულებს, ყველაზე მოხერხებული ადამიანი, ვინც კი დედამიწაზე დაბადებულა, კაცი, რომელიც მხიარულებასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება... ცნობილი პერსონაჟი ბარონი მიუნჰაუზენი მესხიშვილის თეატრში გამოჩნდა. 

ორმოქმედებიანი  ფანტასმაგორია  "მიუნჰაუზენი"  მესხიშვილის თეატრში რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დადგა.  მისი მიუნჰაუზენი, რომელიც სცენაზე მსახიობმა დათო როინიშვილმა განასახიერა,  უფრო სევდიანი კაცი აღმოჩნდა, რომელსაც ვერ გაუგეს და მისგან აღმოჩენილი გაზაფხულის კიდევ ერთი ზედმეტი დღე, 32 მაისი არ მიიღეს.  საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას მან "სიკვდილი", ხოლო  ბარონის ცხოვრებას უბრალო მილერად - მებაღედ გადაქცევა და საყვარელ ადამიანთან ცხოვრება ამჯობინა. 

სპექტაკლში, ისევე როგორც ცხოვრებაში, სიცრუე და სიმართლე ერთმანეთში ირევა.  სიყვარული, რომელიც ბარონისათვის  სიმართლე იყო, მარტასთვის - ნინო ჭოლაძის პერსონაჟისათვის სიცრუე და მოსაბეზრებელი აღმოჩნდა...  კაცი, რომელიც ცოცხალი არ მიიღეს, სიკვდილის შემდეგ ძეგლად აქციეს, მისი თხზულებები გამოსცეს, აღიარეს... და ეს სიმართლედ მიიღო საზოგადოებამ, თუმცა როდესაც ბარონი კვლავ თავის სახელის დაბრუნებას შეეცადა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 

 "გაიღიმეთ ბატონებო, თქვენი უბედურება იმაშია, რომ მეტისმეტად სერიოზულები ხართ. ჭკვიანური სახის მიღება არ ნიშნავს რომ ჭკვიანები ხართ,  ყველა სისულელეს დედამიწაზე სახის სწორედ ამ გამომეტყველებით აკეთებენ... გაიღიმეთ ბატონებო, გაიღიმეთ!" - ამ ფრაზით გვემშვიდობება მიუნჰაუზენი. 

 სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის ცნობილი და წარმატებული მსახიობები მონაწილეობენ,  ბარონის მეუღლის როლს მარიკა სამანიშვილი ასრულებს,  ბურგომისტრი  ზვიად სვანაძეა, პასტორი- სულხან გოგოლაშვილი, ჰენრიხი- რეზი ქაროსანიძე, მოსამართლე -ელზა სულაძე, თომასი -  თორნიკე იმედაძე, თეო - ალექსანდრე ფურცხვანიძე. 

 მიუნჰაუზენის სამყარო სცენაზე აივენჰო ჭელიძის მხატვრობით გაცოცხლდა. კოსტიუმების მხატვარი-თეო კუხიანიძეა, მუსიკა -გიორგი ჩლაიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია - გრიგოლ ბარბაქაძეს. 

"მიუნჰაუზენი"  მესხიშვილის დიდ სცენაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის პირველი სპექტაკლია. მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მას დადგმული აქვს ორმოქმედებიანი დრამა  "დუპლეტი", რომელშიც ასევე დათო როინიშვილი, ზვიად სვანაძე და ელზა სულაძე მონაწილეობენ.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა