მოწამეთას ხეობაში უნიკალური კოლხური ბზა ნადგურდება
წყალწითელას ხეობაში, მოწამეთას მონასტრის მიმდებარედ, ბზის ალურას განადგურებულია ბზის ხეები. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელმა ვახტანგ სიხარულიძემ გაავრცელა.
„გუშინ მდინარე „წყალწითელას“ ხეობაში ვიყავი, ქუთაისის ბოლოს, მოწამეთას მონასტერთან, სულ გადამხმარია ბზის ხეები, ირგვლივ სიდამპლისა და ობის სუნი ტრიალებს. სადღაა წალწითელას ხეობის გრილი და მაცოცხლებელი ბზის სურნელი, გვაჯობა იმ რაღაც ე.წ. „ფრთათეთრა“ პეპელამ და მისმა მუხლუხებმა... შეჭამეს და მოინელეს ულამაზესი ხეობა...
ნუთუ არ შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან აცილება?! თავიდან აცილება თუ არა, ღირსეულად გამკლავება მაინც?!
შთამომავლობას იმას მაინც მოვუყვებოდით, ვიბრძოლეთ, მაგრამ დავმარცხდით, გვაჯობა მტერმა. სირცხვილი მოსახლეობას და მონასტრის სენაკების მცხოვრებლებს! მეზიზღება ჩემი თავი! მე მარტო ჩემ ეზოში გადავარჩინე ბზები“, - წერს სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით კი, გაუგებარია საერთოდ გარემოს დაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების დანიშნულება.
„გარემოს დაცვის სამინისტრო და მის დაქვემდებარებული სტრუქრურები, ასეთ სიტუაციებს უნდა ადევნებდნენ თვალყურს, თუ პრევენციულ ღონისძიებებს არ ატარებენ, მომხდარი ფაქტის შემდეგ მაინც უნდა ახდენდნენ უსწრაფეს რეაგირებას, რასაც ვერ ვხედავთ. ისტორიულ ხეობაზეა საუბარი, სადაც ენდემური სახეობა, კოლხური ბზა ნაგდურდება, თუ კი ამას გარემოს დაცვის სამინისტრო შორიდან შეხედავს მხოლოდ და მომხდარის კონსტანტაციით შემოიფარგლება, მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვა, რატომ არსებობენ ისინი, რატომ იღებენ ხელფასს და რატომ სარგებლობენ სახელმწიფო ბენეფიტებით?“-აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
"ნიუპრესი" ცდილობს გარემოს დაცვის სამინისტროს კომენტარი მოიპოვოს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შესახსენებთ, ბზის ალურა არის მონოფაგი მავნებელი, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი სახეობის მცენარით იკვებება. ამ მავნებელმა უკვე მიაყენა ზიანი ქუთაისში ხე-მცენარეებს, რის შემდეგაც მერიის კონტრაქტორმა ფირმამ შეწამლვა დაიწყო, თუმცა სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საჭიროა განადგურებული მცენარეების გასხვლა და დაწვა, რაც არ ხდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე