|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო ქათამაძე: "ვრჩები აქტიურ პოლიტიკაში"

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკრებულოში მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. 

ნატო ქათამაძის თქმით, ის ქალაქის საკრებულოში ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად იყო და არა საკუთარი კომფორტის მოწყობისათვის, რის გამოც ოპონირების რეჟიმში უხდებოდა ყოფნა ხელისუფლებასთან, რაც სწორად არ იყო აღქმული როგორც უმრავლესობის და ასევე ოპოზიციის  წარმომადგენელთა მხრიდან. 

"მე ძალიან დიდი მიღწევად ვუთვლი ჩემს თავს, რომ მე დავამკვიდრე ქუთაისის საკრებულოში  ახალი სტანდარტი, რაც არის ის, რომ ხარ  ხელისუფლებაში და ცუდზე ამბობ, რომ ეს ცუდია და კარგზე ამბობ -კარგია. ეს მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ხელისუფლების, ასე ოპოზიციისათვის. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისიც კი მითხრეს, როგორ შეიძლება ხელისუფლებაში ხარ და ხელისუფლება აკრიტიკებო.  სამწუხაროდ, თეთრი ყვავივით ვიყავი საკრებულოში", -განაცხადა ნატო ქათმაძემ. მისი განცხადებით, საკრებულოში ყოფნისას მას არ მიუღია ხელფასის სახით ერთი ლარიც კი, არ ქონდა ტექნიკა, -კომპიუტერი, პრინტერი და.ა.შ. - "2014 წელს რომ დავაყენე საკითხი, კომპიუტერი მომცეს 2017 წლის აგვისტოში, ანუ თითქმის ვადის ამოწურვამდე თვენახევრით ადრე"-აღნიშნა მან, თუმცა აცხადებს, რომ  როგორც მაჟორიტარი პირნათელია თავის ამომრჩევლებთან.

ნატო ქათამაძემ ის კონკრეტული ფაქტები ჩამოთვალა, რომლის გადასაჭრისათვის ქუთაისის თვითმმართველობაში აქტიურობდა. აგრეთვე აღნიშნა ის, რომ მთელი რიგი საკითხები, სწორედ იმის გამო არ გადაიჭრა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ უნდოდა მას პოლიტიკური ქულები შემატებოდა. ამის ერთ-ერთ მაგალითად მდინარე ოღასყურას რეაბილიტაციის საკითხი მოიყვანა,  რომლის პროექტზე თანხმობა ცენტრალური ხელისუფლებიდან არსებობდა, თუმცა საკითხი  ქალაქის მერის უარის გამო შეფერხდა. როგორც ქათამაძემ აღნიშნა, მას სამინისტროში უთხრეს, რომ ოღასყურა მოწესრიგდება, ოღონდა მას შემდეგ, როდესაც ის ამ უბნის მაჟორიტარი აღარ იქნება.

ნატო ქათამაძემ მის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიური პოლიტიკიდან არ მიდის, თუმცა ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ვრჩები აქტიურ პოლიტიკაში, თუმცა ეს არის ერთადერთი არჩევნები ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომელსაც მე გამოვტოვებ და არ ვიქნები პროცესის მონაწილე, თუმცა საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მე თქვენ ისევ შეგხვდებით და ჩემს საინტერესო, ამბიციურ პოლიტიკურ გეგმებზე გესაუბრებით", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა