|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვადაგიანი: "ჩემი გადადგომის გადაწყვეტილება პარტიაში იქნა მიღებული"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი თანამდებობიდან  გადადგა. ამის შესახებ ხვადაგიანმა საგანგებო განცხადება  დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გააკეთა.

"მე არ ვარ ის ადამიანი, რომელზეც ვინმე ზეწოლას განახორციელებს. ეს გადაწყვეტილება პარტიაში ერთობლივად იქნა მიღებული“, - აღნიშნა ხვადაგიანმა, რომელსაც ქალაქის საკრებულოს პოსტი 2006 წლიდან უჭირავს. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" აქტიური კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამირან ხვადაგიანმა დატოვოს თანამდებობა. ეს არის  ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება. ხვადაგიანი წლების განმავლობაში იკავებდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს. მის სახელს უკავშირდება  ქალაქში განხორციელებული ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. ვფიქრობ, მან უკვე ამოწურა საკუთარი თავი“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაძემ.

თევდორაძე, საგანგებო ბრიფინგზე, საკრებულოს უმრავლესობის  ფართომასშტაბიანი დაშლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

„ჩვენს ოპონენტებს აწუხებთ, რამდენად ერთიანად მდგრადია ჩვენი ერთობა. გეტყვით, რომ  პარტიაში ჩვენი ერთობა ნამდვილად მყარია“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, საკრებულოს უმრავლესობიდან დეპუტატების (ტარიელ მესხი, კახაბერ ნემსიწვერიძე, რაულ ქორჩილავა და თამაზ მარგველაშვილი) გამიჯვნის შესახებ.

ქუთაისის საკრებულოს სხდომა, დღეს 14:00 საათზეა დაგეგმილი. უკვე ცნობილია რომ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე პარტიის საორგანიზაციო მდივანის, თამაზ მარგველაშვილის კანდიდატურას წარადგენენ.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა