|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რესურსცენტრის უფროსი კონკურსის დასრულებამდე შეარჩიეს

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად შესაძლოა  დაწესებულების ყოფილი უფროსი, ლადო პატარიძე დაინიშნოს.

პატარიძე თვლის, რომ აღნიშნული თანამდებობისათვის საჭირო გამოცდილებასა და უნარებს ფლობს.

რესურსცენტრის  უფროსის შესარჩევი კონკურსი განათლების სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგება.

პირველი ეტაპი კონკურსში მონაწილეთა საბუთების გადახედვას, მეორე - ტესტირებას და მესამე - გასაუბრებას ითვალისწინებს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელობის ერთ–ერთმა პრეტენდენტმა, გიორგი მჟავანაძემ კონკურსი უკვე დატოვა. როგორც მჟავანაძე ამბობს, მასში მონაწილეობა არ ღირს, რადგან ხელმძღვანელის ვინაობა უკვე გარკვეულია.

რესურსცენტრის შესაძლო უფროსი ლადო პატარიძე ამ ეტაპზე ქუთაისის  მერიის კულტურულ  დაწესებულებათა გაერთიანებას ხელმძღვანელობს. მანამდე მას რესურსცენტრის უფროსის პოსტი ეჭირა.

პატარიძე ძველ თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„რადგან კონკურსში ვმონაწილეობ, ჩემი თავის იმედი მაქვს, ვფლობ შესაბამის ცოდნას, გამოცდილებას და განათლების სფერო ჩემთვის უცხო არ არის,“ – ამბობს ლადო პატარიძე.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა