|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გამჭვირვალობა – საქართველო“ - სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტეო არჩევნებში

3 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად ცესკომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტეო არჩევნებში," - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ში და შემდეგ განმარტებებს აკეთებენ: 

არც საარჩევნო კოდექსი და არც საქართველოს კონსტიტუცია არ მოითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა. კონსტიტუციის 70-ე და საარჩევნო კოდექსის 96-ე მუხლებში, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სავალდებულო კრიტერიუმების საკმაოდ დეტალურ ჩამონათვალს მოიცავს, არაფერია ნათქვამი ორმაგ მოქალაქეობაზე. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვას ეხება, ეს არის კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი. თუმცა, აღნიშნული მუხლი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს და არა - არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი გაიმარჯვებს არჩევნებში, იგი უბრალოდ დატოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და კონსტიტუცია არ დაირღვევა.

ამასთანავე, თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს, რომ კანონის (კონსტიტუციის) მიზნის მისაღწევად გამოყენებულ იქნას უფლების ყველაზე უფრო ნაკლებად შემზღუდველი ზომა. მიგვაჩნია, რომ 29-ე მუხლის 11 პუნქტის მიზანი - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ, თავისუფლად მიღწევადია, თუ სალომე ზურაბიშვილს მიეცემა კანდიდატად რეგისტრაციის უფლება და გამარჯვების შემთხვევაში იგი დატოვებს საფრანგეთის მოქალაქეობას.

გარდა ამისა, 29-ე მუხლის 11 პუნქტი კონსტიტუციას მოგვიანებით დაემატა და თუ კანონმდებლის მიზანი იყო ის, რომ იგი გავრცელებულიყო კანდიდატზეც, მაშინ ეს ნორმა დაემატებოდა არა 29-ე მუხლს, არამედ 70-ე მუხლს (სწორედ ეს მუხლი ადგენს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის სავალდებული მოთხოვნებს) ან საარჩევნო კოდექსში დაზუსტდებოდა, რომ ორმაგ მოქალაქეს არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ან კიდევ აღნიშნული ამ პუნქტის ტექსტი ჩამოყალიბდებოდა იმგვარად, რომ იგი კანდიდატად რეგისტრაციაზეც გავრცელებულიყო.

ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1044 მუხლით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირსაც კი აქვს უფლება 2014 წლამდე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, არალოგიკური იქნება, თუკი ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქეს კანდიდატად რეგისტრაციის უფლებაც კი არ მიეცემა, მით უმეტეს, რომ კონსტიტუცია ამას არ კრძალავს.

"დაბოლოს, მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების არმიცემა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობაზე ნეგატიურად იმოქმედებს," – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ში

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა