|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმცირესობა: „საჯარო სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნები დაიწყო“

საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირთა მასობრივი განთავისუფლება დაიწყო. უმცირესობის წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, საუბარია საპატრულო პოლიციაში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მთავრობის კანცელარიაში დასაქმებულ პირებზე.

 ჩიორა  თაქთაქიშვილის თქმით, ამ დროისათვის 13 საკრებულოს თავმჯდომარე და 5 გამგებელი თანამდებობიდან გადაყენებულია. ხოლო  ერთი გამგებლისა და ერთი საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

„ადგილობრივ თვითმმართველობაში  დასაქმებულ დანარჩენ პირებს ემუქრება ვინმე ჯალათი გიგა ახვლედიანი, რომელიც თანამდებობაზე ერთადერთი ნიშნით დაინიშნა რომ დააშინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ფინანსური რევიზიით თუ ამ ორგანოში შეჭრით. ეს არის მასიური დათხოვნები სამსახურიდან. როდესაც „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანების სამსახურდან დათხოვნის გამო, დღეს ეს ყველაფერი  მათთვის მისაღები გახდა. მისაღებია ის, რომ კანცელარიიდან 80 ადამიანი პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. ყველა ის პოლიციელი და ის პირი, იქნება ეს საპტრულო პოლიციის თანამშრომლები, სამხარეო სამმართველოების უფროსები თუ უბნის ინსპექტორები, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს,“ - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს, პარლამენტში მიმდინარე სესიაზე.

ჩიორა თაქთაქიშვილმა და უმცირესობის სხვა წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს დავით უსუფაშვილს „ქართული ოცნების“  მიერ განხორციელებულ მსგავსს ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა