|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველობის კანდიდატი რეგიონულ ოფისებს საქმიანობას უწუნებს

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული სახალხო დამცველობის კანდიდატი უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების საჭიროებაზე  საუბრობს.

ნანუაშვილი რეგიონებში არსებულ ომბუდსმენის ოფისებსაც აკრიტიკებს და მათ გააქტიურებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ კანდიდატმა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობასთან შეხვედრებისას განაცხადა.

ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ოფისი უფრო აქტიურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს. კერძოდ, კანდიდატის თქმით, თუ ამ დრომდე ომბუდსმენის აპარატი კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებების შემოსვლას უცდიდა, ამიერიდან მან თვითონ უნდა დაიწყოს საკითხების შესწავლა.

„რეგიონალური ოფისების საქმიანობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, მათი ცნობადობა არის ძალიან სუსტი. ოფისებში დასაქმებულია ერთი ან ორი ადამიანი. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მივიდნენ ადგილობრივ ოფისებში და ისარგებლონ მათი მომსახურებით,“ - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

კანდიდატის განცხადებით, გადახედვას საჭიროებს პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ნანუაშვილის თქმით, მან ვერ შეძლო იმ დანაშულების აღკვეთა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინასწარი მოთავსების იზოლატორებსა თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 

ომბუდსმენობის კანდიდატი კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვის საჭიროებასაც ხედავს. ასევე, აუცილებლად მიიჩნევს მისი წინამორბედების მიერ გაცემული რეკომენდაციების გაცოცხლებასაც.

„მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის ინსტიტუტი იყოს ძლიერი, რომ მან დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. მას მეტი უფლებები უნდა გააჩნდეს, ვიდრე თუნდაც გენერალურ ინსპექციას. უნდა გაფართოვდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა. საჭიროა გასულ წლებში გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირება, რადგან როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ნება არსებობდა, სახალხო დამცველის საქმიანობა ეფექტური იყო. ხოლო შეზღუდვების პერიოდში ომბუდსმენების საქმიანობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა,“ - ამბობს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველობის კანდიდატებს დეპუტატები ხვალ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა