|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პოლიცია დასაცავია სრული დემორალიზაციისგან"- ენმ

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა.  პარტიის წარმომადგენლები  შეშფოთებას გამოთქვამენ აღნიშნულთან დაკავშირებით და  ბათუმელებს სიმშვიდისა და მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით,  საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე.

"ვგმობთ ძალადობას, რომლის სამწუხარო გამოვლინებაც იყო უპრეცედენტო დანაშაული – საპატრული პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება! პროტესტის გამოხატვა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ბათუმელებს სიმშვიდისკენ და მართლწესრიგის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მათ არ აყვნენ პროვოკაციებს, ხელი შეუწყონ ვითარების განმუხტვას და სტაბილურობას.

საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე. მისი სრული უმოქმედობა – დროულად განემუხტა ვითარება, რასაც პროცესების ძალადობაში გადასვლა მოჰყვა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, არიან დაშავებულები, მათ შორის პოლიციის მხრიდან. ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოში ასე დასუსტდა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლის პირობებშიც დასაცავია პოლიცია სრული დემორალიზაციისგან",- ნათქვამია "ენმ"-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ,  11-12 მარტს ბათუმში  დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალ დამცავებს შორის მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც  სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო მამა-შვილი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. რის შემდეგაც,  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციის შენობის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლებს ისროდნენ. დაწვეს პოლიციის მანქანები, დააზიანეს ინფრასტრუქტურა - რკინის ჯებირები, შუქნიშნები, საგზაო ნიშნები. დემონსტრანტების საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

 ნაციონალური მოძრაობის მიერ ბათუმში დაანონსებული აქცია აღარ გაიმართება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა