|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ქალები მომავლისთვის" –ქუთაისში ორდღიანი ფორმუმი მიმდინარეობს

ქუთაისში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. დღეს ფორუმის ფარგლებში მეწარმე ქალთა გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. 

ორდღიანი ფორუმი პროექტ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში მიმდინარეობს და მას „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ახორციელებს. მისი მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნეს კომპანიების როლის აღნიშვნა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრეინინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობას უფრო ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს შენებისათვის.

„როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესში ქალ მეწარმეთა უმნიშვნელოვანესი როლი. ქალის როლის გაძლიერება საზოგადოებაში ნიშნავს უფრო განვითარებულ ეკონომიკას, რადგან როდესაც საზოგადოება 50%-ით ძლიერია წარმატებული მამაკაცი მეწარმის შრომით, მეწარმე ქალის საქმიანობით, მისი ნიჭისა და რესურსების სრულად გამოყენებით - უკვე 100% -ით ძლიერია. თავისთავად ფაქტი, რომ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული ეტაპი უკვე გაიარეს, ერთიანი შიდა პროდუქტის  12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ეკონომიკურ პროცესებში ქალთა როლის მნიშვნელობის მკაფიო დადასტურებაა. შედეგი და სარგებელი მთელი საზოგადოებისათვის საგრძნობი იქნება, როდესაც ქალები დაიწყებენ რეინვესტირებას საზოგადოებაში და წვლილს შეიტანენ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში. თუმცა, მათ ამ პროცესებში მხარდაჭერა, სათანადო გარემოს შექმნა და მეტი სტიმული სჭირდებათ, რათა მოხდეს საზოგადოებაში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური ბარიერების დაძლევა. დღევანდელი ფორუმიც და, ზოგადად, ჩვენი ფედერაციის საქმიანობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება,“- განაცხადა ნინა კობახიძემ.

მომხსენებელთა შორის იყო ქალთა როლის გაძლიერებაზე ისაუბრა ქუთაისის ვიცე–მერმა ნინო თვალთვაძემ. 

ასოციაციის ინფორმაციით, სლოგანი - „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ ამ კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალების გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალებს სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში.

ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. 

ავტორი: ნიუპრესი