|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ზესტაფონში რამდენიმე პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის,  მამუკა ჭელიძის განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, ქურდული სამყაროს აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად „ბახა-ბახა“) და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“.

„ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) და მის ძმასთან - ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.-სგან, კანონიერი ქურდის - ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.

ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით, ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა