ქუთაისის "მადლიერების სახლის" დირექტორად "ქართული ოცნების" კადრი დაინიშნა
ქუთაისის მერიაში დაწყებულ რეორგანიზაციას ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორის რეზო ჩახუნაშვილის სავარძელი შეეწირა.
პოსტზე მერმა თამთა ბაკურაძე დანიშნა. ბაკურაძე წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" შტაბში საარჩევნო სპეცილიასტად მუშაობდა. ის სპეციალობით არის გერმანისტია და წლების განმავლობაში წერეთლის უნივერსიტეტში მუშაობდა.
მერიის ინფორმაციით, ჩახუნაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულ პოსტზე თამთა ბაკურაძე კი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი მისი დამოკიდებულების მიხედვით შეირჩა და მისთვის რეკომენდაცია არავის გაუწევია.
ბაკურაძემ საზოგადოებას თავი, 2016 წელს გაკეთებული განცხადებით დაამახსოვრა, როდესაც "საიას" თავმჯდომარესთან შეხვედრაზე პარტიული სიით დასაქმებაზე ისაუბრა.
„ქუთაისის თვითმმრთველობაში პარტიული სიით 123 ადამიანი დასაქმდა“-განაცხადა შეხვედრაზე, სადაც ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ბაკურაძემ იმ დროს ააიპებსა და მერიაში კადრების გაზრდის ფაქტს თემით მანიპულირება უწოდა.
მოგვიანებით კი განმარტა, რომ დანიშვნაში ცვლილება იგულისხმა, რაც თვითმმართველობაში საკადრო კუთხით გატარდა და არ გულისხმობდა პარტიული სიით დანიშვნას.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ააიპ „მადლიერების სახლის“ ბიუჯეტად 620 ათასი ლარია განსაზღვრული. ბიუჯეტი 7 000 ლარით არის შემცირებული წინა წლის ბიუჯეტთან. "მადლიერების სახლი" ყოველდღიურად 800 ბენეფიციარის კვებით მომსახურებას ეწევა.
სოციალურად დაუცველთა ბაზის ზრდასთან ერთად "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა რაოდენობა იცვლება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი