|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

 ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული  736 306 ათას ლარად ღირებული ტენდერი გაურკვეველი მიზეზის გამო შეწყდა. 

 მერიამ ტენდერი  (200006780) ასსაფეხურიანი კიბის სამუშაოებისათვის 3 აპრილს გამოაცხადა.  როგორც დოკუმენტებიდან ირკვეოდა, გამარჯვების რეალური პრედენდენტი ბესიკ ივანაშვილი იყო, მას სამუშაოების შესრულებისათვის უფრო დაბალი თანხა 595 041 ლარი ქონდა დაფიქსირებული. თუმცა ინფორმაციის მედიით გაჟღერების შემდეგ ტენდერს საჩხერელი მეწარმე გამოეთიშა. შედეგად ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი შპს "ლამოდერნა" გახდა.

 კომპანიამ სამუშაოების შესრულებისათვის  შედარებით მაღალი ფასი  - 614 ათასი ლარი დააფიქსირა.

როგორც კომპანიაში "ნიუპრესს" განუცხადეს, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი პროექტის გაუმართაობა აღმოჩნდა, 

" ჩვენი ინფორმაციით, ტენდერი შეწყდა პროექტის გამო, უკეთეს პროექტს გააკეთებენ, რის შემდეგაც გამოცხადდება განმეორებითი ტენდერი "- განაცხადა  "ლა მოდერნას" წარმომადგენელმა დავით ხურციძემ "ნიუპრესთან" საუბარში.  

ჩვენ შევეცადეთ ქუთაისის მერიისგან მიგვეღო პასუხი, თუ რა გახდა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, თუმცა ჯერჯერობით მერიის პოზიცია უცნობია.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი ასევე ტენდერით შეიძინა, რისთვისაც 30 ათასი ლარი გადაიხადა. პროექტის თანახმად, ასსაფეხურიან კიბესთან შადრევნის და ველოსადგომების მოწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტის და მობილურის დასამუხტი ბატარეების განთავსება იგეგმებოდა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე