|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა

ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა. კულტურის სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა მირანდა კუპრავამ და მაია მურუსიძემ მერიას უკანონო გათავისუფლების გამო უჩივლეს.

მირანდა კუპრავას განცხადებით, მისი უკმაყოფილების მიზეზი მერიის  მიერ დაწერილი დახასიათება გახდა. 

"როდესაც დაიშალა ჩვენი განყოფილება, შემოგვთავაზეს ააიპში გადაყვანა, რაზეც უარი განვაცხადე. რაც მთავარია, მერიამ ცუდი დახასიათება მომცა, ვაჟა ჯუღელმა დაწერა, თითქოს მე ვიყავი კონფლიქტური და ამას აწერდა ხელს ნინო თვალთვაძე, თითქოს ეს იყო სწორი, რაზეც გამოვხატე პრეტენზია და მივმართე იურისტს, რომ ვიც-მერს ნინო თვალთვაძეს შეესწავლათ დახასიათება. თვალთვაძეს უნდა მოეთხოვა დამადასტურებელი ფაქტები. ჩემს პირად საქმეში უნდა ყოფილიყო, ისე მას არ ქონდა უფლება ჯუღელის სიტყვას დაყრდნობოდა. ამისთვის არსებობს პირადი საქმე. პირად საქმეში დევს, რომ ვაჟა ჯუღელს რამდენიმეჯერ დახასიათებით წარდგენილი ვყავარ პრემიაზე. თუ მე კონფლიქტი მქონდა ვინმესთან, გაფრთხილება უნდა მოეცათ, ან უნდა არსებობდეს რაიმე სახის სხვა დოკუმენტი, ანუ ალოგიკურია. მე თვალთვაძეს ვთხოვე, რომ გარკვეულიყო საკითხში და ასეთი სისულელისთვის ხელი არ მოეწერა. დახასიათება რომელიც ჩემ ოქმში დევს, ეს არ არის საჯარო მოხელის მიერ დაწერილი დახასიათება, ეს არის ფსიქიატრის დასკვნის მსგავსი საბუთი და მსგავს სისულელეზე ხელის მოწერა, მინიმუმ არაკვალიფიციურობაა. მისდამი პატივისცემის გამო და გარკვეულ იმედებსაც ვამყარებდი, რომ ნინო თვალთვაძე ქალაქის განვითარებაში შეიტანდა წვლილს, მისი "ბეგრაუნდიდან" გამომდინარე. "საიას" ყოფილი თავმჯდომარე, განსაკუთრებულად სენსიტიური უნდა ყოფილიყო სამართლებრივ საკითხებთან. ამით "საიას" "იმიჯიც ილახება და ყველა იმ არასამთავრობოსი, სადაც ის მუშაობდა. მისგან მივიღე პასუხი: არც მე მომიყვანიხარ და არც მე გამიშვიხარ. დავიღალე ამ ყველაფრით. ეს უკვე შეურაცხყოფა იყო. სწორედ მსგავსმა დამოკიდებულებამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, სარჩელი შემეტანა.

აქვე უნდა აღვნიშნო, თუ კონფლიქტური ვიყავი, ააიპში როგორ გადავყავდი? როდესაც არავინ არაფრად გაგდებს, უნდა დაგიცვას კანონმა. მე გამოვიყენე უფლება და მივმართე სასამართლოს. მოვითხოვე გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს", -განაცხადა მირანდა კუპრავამ.

მირანდა კუპრავას განცხადებით, მის შემთხვევაში ასევე დაირღვა კანონი მარტოხელა მშობლის შესახებ. მისი თქმით, როდესაც მერია აპელირებს, რომ წელს პირველად მოხდა მარტოხელა მშობლის დეფინიცია ბიუჯეტში, არ უნდა ხდებოდეს მარტოხელა დედის სამსახურიდან გაშვება.

"არავის საქმე არაა, მე მატერიალურად ვარ თუ არა უზრუნველყოფილი. იურიდიულად მე ვარ მარტოხელა დედა, რომელსაც ქონდა თვითმმართველობის მაგისტრის წოდება  და მათავისუფლებ ისე, როგორც ყველას. მე არ ვმუშაობდი ვინმეს კერძო კანტორაში, მე ვმუშაობდი საჯარო სექტროში, რომელიც მართავს ქალაქს და მიცავს კანონი. ის, რომ გიორგი ჭიღვარიას არ მოვწონდი და ცხრაჯერ შემომითვალეს განცხადების დაწერა, არ დავიჯერე, რომ ქუთაისს ყავს ასეთი მერი, რომელიც ამას კადრულობს.  დღემდე მჯერა, რომ ამას ვიღაცეები იტყუებოდნენ. მერიაში ვისაც უნდა დარჩენა, არის ამის გზები, არიან ადამიანები, რომლებიც მანდ დაიბადნენ და მანდ მოკვდებიან. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მერს უკრავდნენ ტაშს, მაგრამ მსგავსი რამ ჩემთვის მიუღებელია", -აცხადებს მირანდა კუპრავა. 

მისი თქმით, სასამართლო პროცესი 18 ივნისს არის ჩანიშნული. მის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავს. 

რაც შეეხება სამსახურის მეორე თანამშრომელს, სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს მაია მურუსიძეს, მისი პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული.

მურუსიძის განცხადებით, მისი გათავისუფლება არაკანონიერად მოხდა. ის სამსახურში აღდგენას და განაცდურის გადახდას მოითხოვს.  მურუსიძე ასევე განმარტავს, რომ  მათი გათავისუფლება ანგარიშსწორებას უკავშირდება.

"დაირღვა კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.  კანონით უნდა მომხდარიყო სხვა სამსახურში გადაყვანა, რომელიც არ აუმოქმედებიათ ჩვენს შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო ვაკანსიები და კონკურსი გამოცხადდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. გათავისუფლების მიზეზი უფრო იყო ანგარიშსწორება, მერი იყო განაწყენებული, ვინაიდან მას დაჭირდა მეორე ტური. ჩვენ რა შუაში ვიყავით იმასთან, რომ ის ვერ გავიდა პირველ ტურში?  გვითხრეს,  დაწერეთ განცხადებები წასვლაზეო, არ დავწერეთ განცხადება, ამიტომ სამსახური გააუქმეს. შემოგვთავაზეს ააიპში გადასვლა, მაგრამ ააიპი არ არის საჯარო სამსახური, კანონით უნდა შეეთავაზებინათ საჯარო სამსახური, რომლის შესაძლებლობაც იყო, თუმცა შეთავაზება არ მომხდარა", -აცხადებს  მაია მურუსიძე. 

მათი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, თვითმმართველობას ვალდებულება ქონდა, ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, რეზერვში მყოფი თანამშრომლებისთვის შეეთავაზებინა თანამდებობა. კურპავასა და მურუსიძის ინფორმაციით, მათთვის არ ყოფილა შეთავაზება. 

შეგახსენებთ, მერიის კულტურის განყოფილების უფროსი ვაჟა ჯუღელი ააიპის მმართველად გადავიდა, განყოფილების უფროსის მოვალეობას  კი თამთა თურმანიძე ასრულებს. დაინიშნა თუ არა შექმნილ ვაკანსიაზე  ახალი თანამშრომელი და ასევე ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებზე ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.

მერიის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ირაკლი კიკვაძემ, რომელმაც სასამართლოს მიმართა, დავა მოიგო. 

 

ქუთაისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მერიის სპორტულ ააიპს სასამართლო დავა მოუგო

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა