|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მოსახლეობის სურვილია, რომ პარლამენტი დარჩეს ქალაქში"

ქუთაისის მოსახლეობის სურვილია, რომ პარლამენტი დარჩეს აქ და ცხარე კამათის მიუხედავად,  მე მათ დავპირდი, რომ მათ ამ სურვილს დავაფიქსირებდი დღეს, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა  პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას. 

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს თემებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხო.

"სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა - სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან - იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა - „აწარმოე საქართველოში“, „Start up საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

 საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა მიმდინარეობს.  გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას 99 დეპუტატი ესწრება, 
პლენარულ სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

ავტორი: ნიუპრესი