|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდს ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად დაფინანსება არ აქვს

საქართველოს ჩემპიონი,  ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდი "უქიმერიონი" ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის ემზადება, რომელიც პორტუგალიაში 2020 წლის თებერვალში გაიმართება. "უქიმერიონის"  მწვრთნელის ავთანდილ თევდორაძის განცხადებით, გუნდს არ აქვს დაფინანსება და წარმატებას მხოლოდ შრომის ხარჯზე მიაღწიეს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ქუთაისში ჰოკეისტებს არც საკუთარი მოედანი გააჩნიათ. 

ქალთა გუნდის მწვრთნელის, ავთანდილ თევდორაძის თქმით, რომელიც ასევე საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტია, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ქუთაისის ქალთა გუნდის შენარჩუნება, გაძლიერება და ევროპის ჩემპიონატისათვის მომზადება, რისთვისაც აუცილებელია დაფინანსება. 

"წელს ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდი გადავიდა პირველ დივიზიონში და მომავალი წლის თებერვალში პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატში მივიღებთ მონაწილეობას, რისთვისაც გვჭირდება მომზადება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსების არარსებობის გამო გუნდის წევრები ყოველგვარი ანაზღაურების გამო მუშაობენ.  გუნდის გაძლიერების მიზნით  ოწვეული გვყავდა გუნდში 3 უკრაინელი გოგონა, რომელსაც მერიის დახმარებით მინიმალური ანაზღაურება გადავუხადეთ.  რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, კლუბს არ აქვს თავისი მოედანი, სადაც შევძლებთ ვარჯიშს",  - განაცხადა ავთანდილ თვდორაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

მისი თქმით, გუნდი  მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე ვარჯიშობს, სადაც მინიმალური პირობებიც კი არ არსებობს. ამ დროისათვის ქუთაისში ბალახის ჰოკეიში 40 გოგო ვარჯიშობს,  თევდორაძის თქმით, მსურველების მრავლდ არიან, თუმცა პირობების უქონლობის გამო უარის თქმა უწევთ. "იყო დრო როდესაც ქუთაიში 2500-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობდა ბალახის ჰოკეიში", - აღნიშნავს ის.

თევდორაძის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით ქალაქის ვიცე მერს დავით ერემეიშვილს ესაუბრა, რომელიც დახმარებას დაპირდა.

"ქალაქის ცენტრალური სტადიონის გვერდით მდებარე კაუჩუკის სტადიონი, რომელიც ეკუთვნოდა ჰოკეისტებს, წინა ხელისუფლებამ ერთ ლარად აჩუქა "ვისოლს", არც ის კომპანია იყენებს და ჩვენს მოედნის გარეშე ვართ დარჩენილი, ვითხოვთ ამ მოედანს, თუ ეს შესაძლებელი არ იქნება, გამოიძებნოს ქალაქში ჩვენთვის ტერიტორია, სადაც მოეწყობა სტადიონი და საჭირო ინფრასტრუქტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე ქალაქის ვიცე-მერს დავით ერემეიშვილს, რომელიც დახმარებას დაგვპირდა", - განაცხადა თევდორაძემ. 

 ქალაქის მერიაში ადასტურებენ მზაობას ჰოკეისტებისათვის სტადიონის მოწყობის შესახებ,  რაც შეეხება გუნდის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის დაფინანსებას, აცხადებენ, რომ ეს საკითხი არ განუხილავთ. 

"ჰოკეის მოედნისათვის განვიხილავთ რამდენიმე ადგილს, სადაც მოვაწყობთ საჭირო ინფრასტრუქტურას, საშხაპეებს,  გასახდელებს, რაც შეხება ბალახს, ამას ჰოკეის ფედერაცია უზრუნველყოფს. ყველაფერს გავაკეთებთ რომ 2020-ში მოწესრიგებულ მოედანზე ივარჯიშონ" , -  განაცხადა დავით ერემეიშვილმა. 

ცნობისთვის, გუნდს დაფინანსებისათვის 35-40 ათასი ლარი ესაჭიროება.

  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა