|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენდერული თანასწორობის მიღწევის მოწინავე გამოცდილება სლოვაკეთის მაგალითზე

სტატია წარმოადგენს სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის პიტერ გურანის ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა პროექტის  ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის“ დაკვეთით. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს ვიშეგრადის ქვეყნებში არსებული პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მეინსტრიმინგის ხელშესაწყობად და გენდერული პოლიტიკის დასანერგად პრაქტიკული რეკომენდაციების გამომუშავებას.

ნაშრომში მიმოხილულია სლოვაკეთში გენდერული თანასწორობის ფაზები და ძირითადი ტენდენციები, ასევე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური სტრუქტურა და გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვის საინტერესო მაგალითები.

ავტორის მტკიცებით, გენდერული თანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაზას წარმოადგენდა სლოვაკეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი (1994-2001), როცა ბრიუსელის და სხვა საერთაშორისო  ორგანიზაციების მხარდაჭერამ და თანადგომამ განაპირობა გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება ქალთა მოძრაობის და ქსელების შექმნის, ადვოკატირების და ინფორმაციულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით.

გენდერული თანასწორობის პირველი ინსტიტუციური სტრუქტურა სლოვაკეთში 2000 წელს შეიქმნა გენდერული თანასწორობისა და თანაბარი მოპყრობის დეპარტამენტის სახით, რომელიც მოექცა შრომის, სოციალურ საქმეთა და ოჯახის  სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს სტრუქტურა დღემდე აქტიურად მუშაობს, როგორც გენდერული თანასწორობის საკითხების სტაბილური საკოორდინაციო ცენტრი. 2004 წ. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შეიქმნა ახალი სტრუქტურები, რომლებიც მუშაობენ სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს შორის კოორდინაციაზე, ახალი სტრატეგიებისა და კანონების შემუშავებაზე, ეწევიან ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, იცავენ და პოპულარიზაციას უწევენ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეას. მათ შორის არის ადამიანის უფლებათა, ეროვნულ უმცირესობათა და გენდერული თანასწორობის სამთავრობო საბჭო, რომელიც მთავრობის მუდმივმოქმედ საექსპერტო, სათათბირო, საკოორდინაციო და საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს. საბჭო  36 წევრისგან შედგება და წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ იკრიბება. ის აერთიანებს მთავრობის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისგან შემდგარი რვა კომიტეტია  გაერთიანებული (15-15 წევრი ორივე სექტორიდან), რომელთაგან ერთ-ერთი კომიტეტი პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის საკითხებზე. კომიტეტი მოქმედებს, როგორც საკონსულტაციო ორგანო გენდერული თანასწორობის საკითხებზე. საბჭოს წევრების აქტიური თანამშრომლობით, სლოვაკეთმა მიიღო გენდერული თანასწორობის სტრატეგია და შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმა 2014-2019 წლებისთვის. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პრაქტიკაში  გენდერული თანასწორობის განხორციელებისთვის მიღებულ უმთავრეს ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც 6 ძირითად სფეროს და მიმართულებას მოიცავს: 1. ეკონომიკური გაძლიერება და დამოუკიდებლობა; 2. მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში; 3. განათლება; 4. ღირსება; 5. ინსტიტუციური მექანიზმები; 6. საერთაშორისო თანამშრომლობა.

 მიუხედავად საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმებისა, სლოვაკეთში კვლავ შეინიშნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სფეროში ქალთა მონაწილეობის ძალიან დაბალი დონე.  2017 წლის მონაცემების თანახმად,  პარლამენტის 150 წევრს შორის მხოლოდ 31 არის ქალი, ხოლო 15 მინისტრიდან - 2.  მიუხედავად ქალთა თანაბარი დაინტერესებისა, აღმოჩნდნენ წარმომადგენლობით ორგანოებში ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, რასაც ქალი კანდიდატების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოწმობს, ისინი მაინც უფრო ნაკლებკონკურენტულები არიან მამაკაცებთან შედარებით. ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე არასდროს აჭარბებდა 25%, ხოლო კონკრეტულად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულ ქალ დეპუტატთა წილი არ აღემატებოდა 20% და ისიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ზომის მუნიციპალიტეტებში (500-5000-მდე მოსახლეობით).

საგულისხმოა, რომ მერების თანამდებობებზე არჩეული ქალები თავიანთი მუშაობის მაღალი ხარისხით დროთა განმავლობაში მოსახლეობის დიდ სიმპათიას და ნდობას იძენენ, რაც შემდგომ  მეორე და მესამე ვადით მათ არჩევაში გამოიხატება. წარმატებული ქალი მერები მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ მეზობელი თემებისთვის და ეს ზრდის მათ რაოდენობას რეგიონში. არსებობს საინტერესო მაგალითები, თუ როგორი სოლიდარულები არიან ქალი მერები ერთმანეთის მიმართ დახმარების გაწევის, მხარდაჭერის, რჩევების მიცემის თვალსაზრისით. მერი ქალების მხარდაჭერის ასეთი არაფორმალური ქსელები სულ უფრო ხშირად ჩნდება სლოვაკეთის რეალობაში.

მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სფეროში გენდერული თანასწორობის მიღწევის სტიმულირების კუთხით კარგი მაგალითია საწარმოებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესში თანასწორობის ხელშემწყობი პროგრამები და სტრატეგიები. ამ თვალსაზრისით, საინტერესო ინიციატივას წარმოადგენდა შრომის, სოციალურ საქმეთა და ოჯახის  სამინისტროს პროექტი „ოჯახისადმი მეგობრული საწარმო“, რომელიც ითვალისწინებდა საწარმოსთვის პრიზის მინიჭებას და საზოგადოებრივ აღიარებას - მათ საქმიანობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის, ფართო სოციალური ღირებულების პროდუქტის შექმნის და თანამშრომელთა ოჯახების მხარდასაჭერად მიმართული სხვადასხვა ტიპის ძალისხმევისთვის. საწარმოების შეფასებისას დიდი ყურადღება ეთმობოდა დამსაქმებლების მხრიდან თავისი თანამშრომლებისთვის ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და ინიციატივებს. კონკურსი საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, როგორც დიდი, ასევე პატარა ზომის საწარმოებში, რომლებიც ოჯახისა და სამუშაოს შეთავსებისკენ მიმართული არაერთი საინტერესო ინიციატივით გამოვიდნენ. მათ შორის, შეიძლება აღინიშნოს კომპანიაში მუშაობის თავისუფალი გრაფიკის დამკვიდრება დედებისა და მამებისთვის; თანამშრომელთა ბავშვებისთვის საწარმოსთან ბაგებისა და ბაღების დაფუძნება და სხვა.

მიუხედავად გენდერული თანასწორობის მისაღწევად სლოვაკეთში გადადგმული პროგრესული ნაბიჯებისა, თანასწორობის მიღწევა კვლავ პრობლემად რჩება. ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გენდერზე ორიენტირებული პროგრამების არასაკმარისი მხარდაჭერა, რაც აიხსნება საჯარო მოხელეთა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების და ინფომირებულობის დაბალი ხარისხით, რომლებიც ამავდროულად ცდილობდნენ გენდერული უთანასწორობის თემატიკის არაპრიორიტეტულ საკითხად წარმოჩენას და მის გადაფარვას ქვეყანაში  ეკონომიკური და სოციალური პრობლემების არსებობით. მეორე მხრივ კი, თვით საზოგადოებაში ძლიერი კულტურული და სოციალური სტერეოტიპების არსებობა და კათოლიკური ეკლესიის მხრიდან გენდერული თანასწორობის წარმოჩენა კულტურის, ტრადიციების და ოჯახის სტაბილურობის საფრთხის შემცველ ფენომენად, რაც, ბუნებრივია, საკმაოდ რელიგიური სლოვაკური საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვნად ანელებდა ქალსა და მამაკაცის თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარების მოთხოვნას.

შესაბამისად, ეფექტიანი და რეალურად აღსრულებადი გენდერული პოლიტიკის დასანერგად, პროგრესულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნასთან ერთად, მნიშვნელოვანია საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლების ჯეროვანი მომზადება და ერთიანი ნება - ყველასთვის მისაღები და სასურველი ცვლილებების გასატარებლად.  

  

ეკატერინე გამახარია

 ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა