ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნისთვის 68 მილიონი ლარის მიწა კომპანიას 1 ლარად გადაეცა
ქუთაისში, 1 001 522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც შპს „ბიგ სერვისმა“ სახელმწიფოსგან, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 68 მილიონ ლარზე მეტი ღირს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 25 მაისს, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისი“-ს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.
უძრავი ქონების საპრივატიზაციო პირობების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შექმნას და წარმოება უზრუნველყოს, რის შემდეგაც კომპანიას ევალება არაუმეტეს 18 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 5000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება და არაუმეტეს 1 წლის ვადაში, საწარმოში, 300 ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 18 თვის ვადით.
ცნობისთვის, ქუთაისში ქარხნის გახსნას ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ი აპირებს, ბაზარზე ქართული წარმოების ელექტრომობილები კი 2020 წლიდან გამოჩნდება.
ჩინური კომპანია Changan-ი საქართველოში კომპანია Aigroup-თან პარტნიორობით შემოდის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, Aigroup-ის იურიდიული სახელია შპს “ბიგ სერვისი”.
კომპანია საქართველოში 2005 წელს დარეგისტრირდა, მისი მეწილეები არიან: დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25%, რუსეთის მოქალაქე ანდრეი პაუკ - 20%, ასევე რუსეთის მოქალაქე თეიუბ კაფაროვ -10%, უზბეკი ასათულა იკრამოვ - 12.5%, უზბეკი თემურ ალიმოვ - 10%, უზბეკი უმარ ალიმოვ - 10%, უზბეკი რახმათილა იკრამოვ - 12.5%.
ავტორი: ნიუპრესი