|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის განმეორებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის განმეორებით გამოცხადებული  ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო.  "ალმა-რუს საქართველოს ფილიალმა" 444`966 ლარიან ტენდერში 435`999.00 ლარი დააფიქსირა. კომპანია სატენდერო დოკუმენტების მონაცემების მიხედვით ფოთშია რეგისტრირებული. 

მერიამ განმეორებითი ტენდერი 5 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება დღეს დასრულდა.

ტენდერის პირობების თანახმად, მიმწოდებელმა „თეთრი ხიდი“-ს სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

"თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ლითონის კონსტრუქციების გამაგრებას, ფეხით სავალი ნაწილის არსებული ზედაპირის გამოცვლას და მასზე თეთრი ქვების იმიტირებული დეკორატიული ელემენტების განთავსებას -ქვის გარშემო მინის იატაკის გამოყენებით. იგეგმება ხიდის მიმდებარე გრანიტის ფილების შეცვლა და ახლის მოწყობა.

"თეთრი ხიდი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც დაგეგმილი სამუშაოები შეთანხმებულია სსიპ "კულტური მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან".

მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა, თუმცა მერიამ პროექტში ცვლილებები არ შეიტანა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი