|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ყვებიან საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დაკავებულის მეზობლები?

ქუთაისში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ზაურ ბაკურაძე პოლიციამ 30 იანვარს დააკავა. ბაკურაძეს სამართალდამცავი უწყება პროექტის გარეშე სამუშაოების განხორციელების მცდელობასა და ამისთვის ზედამხედველობის სამსახურის უფროს ზვიად ჯავახიასთვის 3 000 ლარის შეთავაზებას ედავება.

ზაურ ბაკურაძე  გელათის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციას ახორციელებს. დაკავებულის მეზობლების განცხადებით, ზაურ ბაკურაძემ სახლი ერთი წლის წინ შეიძინა, ამიტომ მის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ფლობენ. მეზობლებმა არც მისი დაკავების შესახებ იცოდნენ. ზაურ ბაკურაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ მუშები, რომლებიც სახლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებენ. მათი განცხადებით, დაკავებული ბოლოს გუშინ ნახეს, როდესაც ობიექტზე იყო მისული. 

მათივე თქმით, ამ ეტაპზე მშენებლობა სახლის შიდა ნაწილში მიმდინარეობს.

"ჩვენ არაფერი ვიცით, გუშინ ვნახეთ აქ იყო მოსული, ჩვენ დაქირავებულები ვართ და რასაც გვეუბნებიან ვასრულებთ. ახლა ზამთარია და დიდი სამუშაოები არც მიმდინარეობს, შიდა სამუშაოებს ვასრულებთ და არ ვიცი ამისთვის რა დამატებითი ნებართვა იყო საჭირო. ამ შენობაზეც აღებულია ნაბართვა, დამატებით ვერაფერს ვიტყვით"-აცხადებენ ადგილზე დასაქმებულები. 

ამ ეტაპზე სახლის გარეფასადის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ასევე აშენებულია ღობის ნაწილი.

მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია და აცხადებს, რომ მერიამ გააკეთა განმარტება, თავად კი კომენტარისგან თავს შეიკავებს.

"მერიამ უკვე გაავრცელა განცხადება და დამატებითი კითხვებით მიმართეთ პრესსამსახურს, მე ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ"-აცხადებს ზვიად ჯავახია.

მერიამ ფაქტზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათთვის მთავარი კორუფციასთან ბრძოლაა. 
,,კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. დღეს კორუფციულ ფაქტზე მოქალაქის დაკავება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ არ დავუშვებთ, ქუთაისის მერია და სახელმწიფო რაიმე სახის არაკანონიერ და არასამართლებრივ ქმედებაში გაეხვიოს,"-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა. გოქაძე წერს, რომ ქრთამის მიცემის ფაქტზე სპექტაკლი დადგეს.
 
"ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს, ახლა ამ სპექტაკლით დააზარალეს მოქალაქე, რომელსაც აზრადაც არ მოუვიდოდა 3000 ლარი ასე გიჟივით მიეტანა. ასე არ ხდება არსად და მით უმეტეს ჩვენთან. თან, ეს ის სამსახურის უფროსია,ბიუჯეტის ხარჯზე მეგობრებს რომ აქეიფებდა. P.S. დღეს ან ხვალ ჩვენი ორგანიზაციის სახელით წერილის შემოტანას ვაპირებთ და ათ ლარზე მეტი არ გვექნება თან მე, ან ჩვენი ორგანიზაციის წევრებს. ეს ისე, რომ იცოდეთ მაინც"-წერს გია გოქაძე. 
 
დეტალებზე არ საუბრობენ საგამოძიებო უწყებაშიც, ამიტომ მომხდართან დაკავშირებით ბევრი კითხვა რჩება. 
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე  339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა