|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეკრეაციული პავილიონები რიონის სანაპიროზე-ახალი პროექტი ქუთაისის პოპულარიზაციისთვის

ქუთაისში, მდინარე რიონზე ახალი ტურისტული სივრცის მოწყობის იდეა გაჟღერდა. იდეის ავტორი ირაკლი გოგლიჩიძე სანაპიროსათვის ახალი დატვირთვის მიცემაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ადგილი შეიძლება ტურისტულ ლოკაციად გადაიქცეს. 

"მდინარე რიონი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია ქალაქში, მთელი  სანაპირო ზოლით რატომღაც მიუწვდომელი და აუთვისებელია მისი როლი ქალაქის კულტურულ და ეკონომიკურ აქტივობებში, გამოუყენებელია ასევე მდინარის, როგორც ფსიქო-გამაჯანსაღებელი გარემოს პოტენციალი. პროექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ქსელი, რომელიც სტილისტური ერთიანობით შეიძლება განთავსდეს სანაპიროს სხვადასხვა ლოკაციებზე. პროექტს შეუძლია რიონის სანაპირო შეავსოს ახალი სასიცოცხლო ენერგიით. იდეას აქვს ანალოგები ევროპის ქალაქებში", - წერს ირაკლი გოგლიჩიძე. 

მისი თქმით, პროექტი ინვეტორებისთვისაც მიმზიდველი იქნება.
 
"ახალი ლანდშაპტური დაგეგმარება, საერთო პეიზაჟის რენოვაცია და მოდიფიცირება და სივრცითი ჩარევა მდინარე რიონზე არიტექტურული ამბიციების და ვიზიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას გამოიწვევს. პროექტი შეიძლება განვიხილოთ ტურისტული ინფრასტრუქტურის ჭრილში, რომელიც ადგილის პოპულარობის ზრდასთან ერთად მდინარის ნაპირების ათვისებისათვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მისცემს ბიძგს. ამ მხრივ ეს მნიშვნელოვანი საპილოტე პროექტად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც ინვესტორთა ინტერესსაც გაააქტიურებს. რეკრეაციული პავილიონი განკუთვნილია სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და დასვენების მიზნით, საღამოებისათვის, მხატვრობის, მუსიკის, პოეზიის და წიგნის მოყვარულთათვის, ვიზიტორთათვის და ყველასათვის, ვისაც სურთ  განტვირთვა მდინარის პირთან.  პავილიონის თავზე სპეციალურად მოწყობილი გამწვანება სხვადასხვა კლიმატური პირობებისაგან დასაცავადაც იქნება გამოყენებული.  პროექტი კიდევ უფრო პოპულარობას მოუტანს სანაპირო ზოლს და გაზრდის სამოქალაქო კმაყოფილებას", - წერს ირაკლი გოგლიჩიძე.
 
აღნიშნული იდეა ქუთაისის მერიაში შესული მოქალაქეთა ინიციატივათაგან ერთ-ერთია, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ შერჩეულ 10 იდეაში მოხვდა.
 
თუმცა, აღსანიშნავია, რომ რიონი ერთ-ერთი დაბინძურებული მდინარეა, მას საყოფაცხოვრებო ნარჩენები და საკანალიზაციო წყლები ერევა, რის გამოც მდინარის სანაპიროზე ხშირად უსამოვნო სუნია. 

ავტორი: ნიუპრესი