|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს დღეს წარუდგინეს

ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდში დღეს წარადგინა.

როგორც არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ჩხიკვაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, პროექტი ფონდში წარადგინეს და მითითებებს ელოდებიან, რის შემდეგაც მომზადდება პროექტის საბოლოო ვერსია.

„მუნიციპალური განვითარების ფონდში დღეს წარვადგინეთ პროექტი. ფონდში რეაბილიტაციასთან დაკავშირებით  ჩვენი იდეა მოეწონათ, მოგვცეს მითითებები და ახლა ვაცნობთ ჩვენს შესრულებულ სამუშაოებს წარმომადგენლებს. ეს პროექტი არის 80-იან წლებში შემუშავებული. ამ სანაპიროს განაშენიანების პროექტირებასა და ადაპტაცია-რეგენერაციაზე მუშაობდა „ქუთაისის ცენტრის რესტავრაციის კომბინატი“.  ბევრი სამუშაოა შესრულებული, ამის მიხედვით სააგენტოსთანაც გავიარეთ კონსულტაციები, მივიღეთ  მითითებები. ახლა ველოდებით ახალ მითითებებს და დაფინანსებას“, -განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

მან ასევე ოპოზიციის შენიშვნას უპასუხა და განაცხადა, რომ პროექტი მართლაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისი თქმით,  ფონდში არიან სწორედ თანხების მისაღებად.

„მგონია, ეს პროექტი ოპოზიციასაც მოსწონს, რა თქმა უნდა, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვართ ამ ფონდში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია გადაუდებელი აუცილებლობაა ტურიზმის განვითარების მხრივ. ტურისტული ზონა მოეწყობა, კვების ობიექტები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. დიდი პროექტია, ჯერ  მარჯვენა სანაპირო მოეწყობა, შემდგომ  ფერდი და მარცხენა სანაპირო“-განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ, რომლის თქმითაც, პროექტის დამტკიცების შემდგომ დაიწყება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, რათა მოხდეს ყველას ინტერესების გათვალისწინება.

ჩხიკვაძის თქმით, რადგანაც რიონისპირა სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პროექტზე მუშაობის დროს მაქსიმალურად ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მოხდება იერსახის შენარჩუნება.

„მაქსიმალურად შენარჩუნდება ძველი იერსახე. ეს არის კულტურული ძეგლი, აქ არის მეცხრამეტე საუკუნის ნიმუშები შემორჩენილი, ასევე იმერეთის მხარისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრების ნიმუშები და ამიტომ ის ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება“, -განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

რაც შეეხება პროექტის ვადებს, ჩხიკვაძის თქმით, პროექტის მასშტაბურობის გამო, ზუსტ ვადებზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია. მისივე თქმით, სამუშაოებში ჩაერთვებიან სპეციალისტები, ტენდერი გამოცხადდება და გამოცდილება იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

შეგახსენებთ, მერიის პროექტი ოპოზიციამ არარეალისტურად შეაფასა. მერაბ მეშველიანის თქმით, პროექტი ამ თვითმმართველობის პირობებში ვერ შესრულდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი