|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

„საცხოვრისის შენობა 3-ჯერ მეტ დატვირთვაზეა გათვლილი, ვიდრე საცხოვრებელი სახლები"

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში განვითარებულ მოვლენებს ქუთაისის ყოფილი-ვიცე მერი და საცხოვრისისათვის შექმნილი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ქავთარაძე ეხმიანება. ქავთარაძე საცხოვრისთან დაკაკვშირებით ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმ პირობებსა და დეტალებზე საუბრობს, რაც საცხოვრისის  იდეასა და აშენებას უკავშირდება.

ქავთარაძის ინფორმაციით, 2014 წელს უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრა.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის თვითმმართველობამ დაიწყო ზრუნვა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.

 „2014-2015 წლებში სასამართლოს მიერ განხილულ იქნა რამოდენიმე მოქალაქის სარჩელი, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტისგან ითხოვდნენ თავშესაფრით უზრუნველყოფას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მერიას დაევალა აღნიშნულის უზრუნველყოფა. იმ დროისათვის მერია არ ფლობდა საბინაო ფონდს და შესაბამისად, უწევდა კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 800 განაცხადი იყო შემოსული საბინაო სამსახურში დროებითი საცხოვრებლის გამოყოფის მოთხოვნით. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, ქუთაისის თვითმმართველობამ 2015 წელს დაიწყო ამ საკითხის მოგვარება და სამომავლო გეგმის დასახვა. მიზანს წარმოადგენდა სოციალური საცხოვრისის შექმნა, სადაც უსახლკაროებს ექნებოდათ დროებითი თავშესაფარი“,-წერს კოტე ქავთარაძე.

მისივე თქმით, პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების და მენაშენეთა ინფორმირება მოხდა, თუმცა პროექტით არავინ დაინტერესებულა.

 განხილვის დროს ითქვა, რომ არსებული წესით შესაძლებელი იყო, როგორც უკვე აშენებული ობიექტის, ასევე მშენებარე ობიექტის, ასევე მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიების ჩართვა.

ქავთარაძე ასევე განმარტავს, რომ დამტკიცებული წესი შესაძლებობას აძლევდა ასობით სუბიექტს კონკურსში მონაწილეობა მიეღო.

გამარჯვებულმა კომპანიამ კი მერიას შეთავაზა 2000 კვადრატული ეზო, რომელშიც მერიას თანხა დამატებით არ გადაუხდია და რომლის ღირებულება ნორმატიული ფასით 64.000 ლარია.

„შპს „სანო“-მ წარმოადგინა შპს „გრანთ თორთონ“-ის მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც შპს „სანოს“ საკუთრებაში არსებული ფართების ღირებულება 803 338 აშშ დოლარს შეადგენს. მერიის მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ერთ კვადრატულ მეტრში ნაცვლად 1038 ლარისა 1000 ლარის გადახდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში დაიზოგა 70,000 ლარი. ასევე მოხდა შეთანხმება ფართების განვადებით შესყიდვასთან დაკავშირებით. მერიას ფართები სექტემბერში გადმოეცა, ხოლო გადახდა 5 თვეზე გადანაწილდა. აღნიშნულმა შესაძლებლობა მოგვცა 5 თვით ადრე დაგვეკმაყოფილებია ბენეფიციარები და კომისიას მოეხდინა ერთიანი შესახლება. ნაცვლად 350 სულისა, შესახლება განხორციელდა 550-ზე მეტ სულზე. აღსანიშნავია, რომ შპს „სანომ“ ამ შესყიდვაზეც იზარალა კურსთაშორის სხვაობით (დაახლოებით 40.000 ლარი), რაც მერიას არ დაუკომპესირებია“,-წერს კოტე ქავთრაძე.

ის ასევე საუბრობს შენობის მდგრადობასთან დაკაკშირებით და აცხადებს, რომ მათ მიერ შეძენილი სახლის სიმაღლე 25 მეტრზე მეტია. აღნიშნული გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ 2-5 სართულებზე ჭერის სიმაღლე ნაცვლად სტანდარტული 2,8-3,0 მეტრისა 4,6-4,8 მეტრს შეადგენს, პრაქტიკულად, ერთი სართულის სიმაღლე უდრის თითქმის 2 სართულის სიმაღლეს. აღნიშნული სივრცეები თავისუფლად იძლევა „ანტრესოლის“ გაკეთების საშუალებას, რაც ასევე ტექნიკურად შემოწმებული და ნებადართულია.

„სოციალური საცხოვრისის შენობა ადრე საწარმოო დანიშნულების იყო და შესაბამისად 3-ჯერ უფრო მეტ დატვირთვაზეა გათვლილი, ვიდრე საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული მიზერულ დანახარჯად იძლევა სართულზე დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი დამატებითი ფართის მოწყობის საშუალებას, რაც ჯამში 700*4=2800 კვადრატია. დღესდღეობით ერთ და ოროთახიან ბინებში 5-6 სულიანი ოჯახებია შესახლებული და ამ პროექტისთვის მერიის მხრიდან არც თუ ისე დიდი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, ოჯახებს საცხოვრებელი ფართი გაუორმოგდებათ. აღნიშნული დამატებითი სარგებლის საბაზრო ფასებში ასახვას ექსპერტი ჭირდება, თუმცა მისი მინიმალური ღირებულება ჩემი შეფასებით არანაკლებ 1 მილიონი ლარია“.

ქავთარაძის თქმით, სოციალური საცხოვრისის შექმნის დროს გათვალისწინებულ იქნა საერთო ფართის (საერთო დარბაზი) მოწყობა. აღნიშნული ფართი დაახლოებით 200 კვადრატი პირველ სართულზე გადმოეცა მერიას, სადაც იგეგმებოდა/იგეგმება სამზარეულოს და სასადილოს მოწყობა. საცხოვრისის კონცეფცია ითვალისწინებდა მობინადრეების უფასო სასადილოთი უზრუნველყოფას.

ქავთარაძის თქმით, მათი ნაწილი ისედაც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და უწევთ დიდი მანძილის გავლა ამ მომსახურების მისაღებად. ასევე დაგეგმილი იყო ნიკეაზე მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც მადლიერების სახლის მომსახურებით სარგებლობდნენ, აღნიშნული სერვისის შეთავაზება ამ ტერიტორიაზე, ასევე მოეწყობოდა სამრეცხაო ოთახი.

ფართების მიზნით ეზოში იგეგმებოდა ყველა ოჯახისთვის მცირე ზომის სათავსოს მოწყობა,  ასევე განიხილებოდა საერთო საქვაბის მოწყობა და ყველა ოჯახის ერთიან გათბობის სისტემაზე აყვანა.

შეგახსნებთ, რომ მერიამ საცხოვრისის შესახებ დასკვნა სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნა. პარალელურად, მდგომარეობის შესწავლას დამოუკიდებლად იწყებს კომპანია "სანო".

 

ავტორი: ნიუპრესი