|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო სკოლების მეხუთეკლასელებს გაკვეთილებს შსს-ს თანამშრომლები უტარებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლებში აგრძელებს პროექტს - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“.

პროექტის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის 108 თანამშრომელმა შსს-ს აკადემიაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა. სწავლების მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

შსს-ს გადამზადებული თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილს ჩაუტარებენ და საგანგებო სიტუაციების - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს მოქცევის წესებს, ასევე, უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ გზამკვლევში მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები.

სახელმძღვანელო, ასევე, მოიცავს საზოგადოებაში ქცევის წესებსაც, რაც მოზარდის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მის კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე წელია ხორციელდება.

გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა