|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური საცხოვრისი, ასათიანის ქუჩა, გარეგანათება - ქუთაისის მერიის საქმიანობას პროკურატურა სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.

როგორც აუდიტის სამსახურში განაცხადეს, საქმე ეხება შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში დაფიქსირებულ სისტემურ და კომპლექსურ დარღვევებს.

ანგარიშში მერიის მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული რამდენიმე პროექტი მოხვდა. მათგან მნიშვნელოვანია სოციალური საცხოვრისი, ასათიანის ქუჩა და გარეგანათების ქსელის მოწყობა.

ანგარიშის მიხედვით, სოციალური საცხოვრისის მშენებლობის პროცესი წარიმართა ისე, რომ კონკურსის პირობები მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებს, სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და სავარაუდოდ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები ზედმეტად არის გადახდილი.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მერიამ 4,3 მლნ ლარი გადაუხადა კომპანიას სოციალური სახლის მშენებლობისთვის, თუმცა სახლი საცხოვრებლად უვარგისია. ამასთან, აუდიტის სამსახური მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების რისკებზე მიუთითებს.

ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, ქუთაისი მერიამ 2015-2017 წლებში 715 600 ლარი არაეფექტიანად, საჭიროების დასაბუთების გარეშე დახარჯა გარე განათების ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია.

აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია, ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ მოწყობილ სანიაღვრე სისტემაზე, რაზეც ქუთაისის მერიამ 168 200 ლარზე მეტი არაეფექტიანად დახარჯა.

სოციალურ საცხოვრისში პრობლემებზე საუბარი გასულ წელს დაიწყო, ბინადრები შენობაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ. მერიამ საკითხის შესასწავლად პროკურატურას მიმართა. რაც შეეხება ასათიანის ქუჩას, არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო ააიპ „სპეციალური სერვისების“ დირექტორის გელა გაგუა დააკავეს.

ანგარიშში ასევე საუბარი სამტრედიასა და საჩხერეში არსებულ პრობლემებზე.

 

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი უფროსი დააკავეს

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადრებს ვიცე-მერი ხვდება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა