|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალზე ძალადობა - დუმილი სოციუმში


გაეროს ქალთა ფონდის 2011 წლის მონაცემებით, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით (მონაწილეობდა 15-49 წლამდე ასაკის 2 400-მდე ქალი), - ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. გამოკითხულ ქალთა 35%-მა ძალადობის სხვადასხვა ფორმა განიცადა.

ქალთა 78.3% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა მისი შიდა პრობლემაა და გარეთ გატანა დაუშვებელია. 34.1%, გარკვეულ შემთხვევებში, ქმრის მიერ ცოლის ცემასაც კი ამართლებს.

გამოკითხული ქალების 80%-ზე მეტი ოჯახში განხორციელებული ძალადობის გამომწვევ მიზეზად უმუშევრობას, სიღარიბესა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

ქალი                                                                                               

წელიწადნახევარია, რაც 37 წლის მარინა თოფურია (სახელი და გვარი შეცვლილია) მეუღლეს 19-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა და 6 შვილთან ერთად მარტო ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო. სად წავიდე? რა გავაკეთო? ბავშვებს რა ვუყო? _ ამ კითხვებს საკუთარ თავს წლების მანძილზე უსვამდა და უპასუხოდ დარჩენილი შიშის ქვეშ განაგრძობდა ცხოვრებას.

მარინა იძულებით გადაადგილებული პირია. ქმართან შეუღლების დღიდან ქირით უწევდა ცხოვრება. საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდნენ. მარინას თქმით, მათი შემოსავალი ბინის ქირასა და კომუნალურ გადასახადებსაც ვერ სწვდებოდა: “2003 წელი იყო, ჩემმა მეუღლემ გამომიცხადა, რომ საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა, - აქ არაფერი გამომდისო. ფული ისესხა და გერმანიაში წავიდა. იქაც ვერაფერი შეძლო, აქაც აღებული ვალი  ვალად დარჩა“.

როგორც მარინა ჰყვება, მეუღლე 6 თვის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა, მაგრამ „გონება არეული“ ჰქონდა და გარშემომყოფების ეშინოდა. ექიმის დანიშნულება, რომელიც მკაცრად უნდა დაეცვა, რამდენიმე თვეში დაარღვია:  „ჯერ ლუდის სმა დაიწყო. მერე წამლების მიღება საერთოდ შეწყვიტა. „ტოტალიზატორში“ სიარულს დაეჩვია. ყოველ დღე ლარს, ორ ლარს მთხოვდა. ჭამა და გადასახადები ჩემს კისერზე იყო. ხანდახან, ისეთი მდგომარეობა გვქონდა, დღეები მხოლოდ პურზე გადაგვიტარებია. როგორ მიმეცა 2 ლარი გასართობად და 3 ბავშვი საჭმლის მოლოდინში დამეტოვებინა?!“

მარინას მონათხრობით, მეუღლემ პირველად მაშინ სცემა, როცა ფულის მიცემაზე უარი უთხრა:  „სახლში ჩხუბსა და ცემას 10 წელზე მეტი ვითმენდი. მიზეზი ყოველ ჯერზე ფული იყო. ვცდილობდი, არაფერი შემტყობოდა. ეს ყველაფერი აქამდეც არავისთვის მომიყოლია. მეშინოდა, რომ ბავშვებს დავკარგავდი. ბოლოს ამის ატანაც შეუძლებელი გახდა. სახლიდან მაგდებდა და ღამეებს კარებთან ვათენებდი, იქნებ გამოიხედოს და სახლში შემიშვას-მეთქი. თუმცა, ისე გამოდიოდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მაინც მე ვიყავი, რადგან არ ვუთმობდი და ამის გამო სულ ბოდიშს ვიხდიდი. სირცხვილად მიმაჩნდა იმის გამჟღავნება, რომ ქმარმა სახლიდან გამომაგდო, ან დამარტყა“.

ცოლ-ქმარი ოფიციალურად 6 თვის წინ გაეყარა. როგორც თვითონ მიყვება, ერთხელაც, მყარად დადგა და ქმარს სახლიდან გაგდების საშუალება არ მისცა: „ადგა და თვითონ წავიდა. ახლა კი ნანობს, მაგრამ მე არაფერს ვნანობ იმის გარდა, რომ ეს ნაბიჯი გვიან გადავდგი“, - მეუბნება მარინა და ჩვენი საუბრის განმავლობაში პირველად იღიმის.


ბავშვები

„როგორ გრძნობდნენ ბავშვები თავს, ამაზე არ მიფიქრია. ყოველთვის მეგონა, რომ ბავშვები მშობლებთან ერთად უნდა ცხოვრებდნენ, მაგრამ ღირდა კი ასეთი თანაცხოვრება?! - ამაზე გვიან დავფიქრდი. მე კი მეგონა, ამდენ რამეს ბავშვების გამო ვითმენდი, მაგრამ თურმე, ბავშვებს ამის მოთმენა არ სჭირდებოდათ. ახლა გაცილებით მშვიდად ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ 6 ბავშვი ერთ საწოლზე მიწევს, გათბობა არ გვაქვს და ძალიან ბევრი რამ გვაწუხებს, ერთად ვართ და მაინც არაფერი გვიჭირს“, - ასე აფასებს თავის წარსულსა და აწმყოს მარინა თოფურია. ოჯახი სახელმწიფოსაგან სოციალურ შემწეობას იღებს. მათი საცხოვრებელი თბილისში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობის  ნესტიანი, ცივი ოთახია, რომელშიც უმცროსი, 2 წლის ბიჭუნა, მხიარულად, დარბის.


ძალადობა - კომპლექსური პრობლემა

უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ ძალადობა არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს და მიზეზები ვერ იქნება მხოლოდ საზოგადოებაში, ან მხოლოდ სახელმწიფო სერვისებში. უმუშევრობა, სიღარიბე და მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პირობები ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის გაღვივებას. გარდა მძიმე სოციალური პირობებისა, პრობლემა მენტალობაშიცაა, საზოგადოების ნაკლებ-ინფორმირებულობასა და გულგრილობაშიც.

შესაძლოა, ვიცით, რომ ჩვენი ახლობელი ქალი ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ „სხვის საქმეში ჩარევას“ დუმილს ვარჩევთ. შედეგად, 2014 წლის მანძილზე 20 ქალზე მეტია მოკლული.

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი საზოგადოების დუმილსა და პასიურობას ძალადობის ფაქტების გამოვლენისას  სახელმწიფოს რეპრესიული ხასიათის მექანიზმების არსებობით ხსნის: „ოჯახში ძალადობის მექანიზმები არ შეგვიმუშავებია ჩვენი კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ქვეყანაში, რომელშიც ძალადობის გაცხადება ქალისთვის უტოლდება ოჯახზე უარის თქმას, ოჯახის ნგრევა კი ქართული მენტალობისთვის რთულად შესაგუებელია, ქალი დგება არჩევანის წინაშე – ან დაფაროს ძალადობა, ან უარი თქვას ოჯახზე“. მისი თქმით, სწორედ ამ არჩევანის წინაშე დაყენებაა შეცდომა, რადგან ქალი ხშირად ძალადობის დაფარვას ამჯობინებს ოჯახის შესანარჩუნებლად. „თუკი, ოჯახში კონფლიქტის გამწვავებამდე მოხდება ჩარევა სოციალური სამსახურისა თუ ფსიქოლოგის დახმარებით, ამით ოჯახს ფუნქციონირების საშუალებას მივცემთ“, – განმარტავს ანა არგანაშვილი.

„ძალადობის მიმართ სქელკანიანები ვართ“ – ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და დასძენს, რომ ქართული საზოგადოების კულტურაში ძალადობას აღიქვამენ, როგორც ნორმას: „ცოლი და ქმარი ცოტა შეკამათდნენ, ვისი რა საქმეა“, ან ვთქვათ, ტელევიზორში დაცინვით და შეურაცხყოფების მიყენებით მიდის ურთიერთობა და ეს ადამიანები, ვინც დასცინის ერთმანეთს, ვერ ხვდებიან, რომ თავადაც ძალადობენ, რომ დაცინვაც ძალადობაა, რომ ცინიკური დამოკიდებულებაც ძალადობაა. მარტო მკვლელობას განვიხილავთ ძალადობად, ან ფიზიკურ დაპირისპირებას და ეს უკანასკნელიც ზოგჯერ არ არის ჩათვლილი ძალადობად“.

სტატიის გმირის, ძალადობის მსხვერპლი ქალის სახელი და გვარი შეცვლილია. კონფიდენციალურობა დაცულია, რადგან წყაროს არ სურს, მისმა მონათხრობმა შვილებზე უარყოფითად იმოქმედოს.

 

ავტორი: თამარ კურატიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა