|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

გადადებული საარჩევნო რეფორმა - ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა

 „საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ქვაკუთხედს საარჩევნო რეფორმის ჭრილში. დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა წლებია, წარმოადგენს კრიტიკის საგანს ადგილობრივი/ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების აღსრულებას: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი“, - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი საარჩევნო სისტემის მდგომარეობას საქართველოში.

2016 წლის შემოდგომაზე ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არასამთავრობო და ოპოზიციური სპექტრი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს. არგუმენტად მათ 28 მაისის საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მოჰყავთ, რომლის მიხედვით, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო დღეს მოქმედ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფის არსებული წესი, რითაც დარღვეულია ამომრჩევლის ხმის თანაბრობის პრინციპი.

მმართველი პოლიტიკური ძალა იზიარებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, საუბრობს საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, ფიქრობს 50%-იანი ზღვრის დაწესებაზე პირველ ტურში, თუმცა მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმებას 2020 წლის არჩევნებისთვის გეგმავს.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის საბჭოს სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმის საკუთარი ხედვა წარმოადგინა. ინიციატივა ითვალისწინებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული სისტემის შენარჩუნებას, რომლის დროსაც 150–წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქში აირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული წესით გადანაწილდება. თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდება მაჟორიტარულ ოლქებს შორის, ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ, დღეს არსებული დისბალანსი და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება. ინიციატივის თანახმად, არჩევნების მეორე ტურამდე იმ შემთხვევაში მივა საქმე, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%–ზე მეტს. არსებული წესით, გამარჯვებულად ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცხადდება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ 30%–ისა.

„კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები არ არის სასურველი“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 5 ივნისს კოალიციის შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ დაუმალავთ, რომ ივანიშვილის მოსაზრება, 2020 წლისთვის გადაიდოს ქვეყანაში არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარება, მათთვისაც მისაღებია.

კოალიციაში შემავალი მხოლოდ ერთი პარტია „ეროვნული ფორუმი“ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის ითხოვს, ასევე ფიქრობს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 ივნისის პარლამენტის სხდომას ამის გამო ბოიკოტიც კი გამოუცხადეს. რეგისტრაცია არ გაიარეს და 7-ჯერ ჩაიშალა პლენარული სხდომა.

როგორც აღვნიშნეთ, ცვლილებები, ისე რომ სრულყოფილად მოხდეს საარჩევნო სისტემის რეფორმირება, მხოლოდ მმართველ გუნდს არ სურს. საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, - ყველა მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

რა შეიცვლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით?


„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შემთხვევაში: პარტიების მიერ პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობა მათ მიერ არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის შესაბამისი იქნება! ყველა ამომრჩევლის ხმას თანაბარი ძალა ექნება! მინიმუმამდე შემცირდება დაკარგული ხმების რაოდენობა! გაიზრდება ქალთა წარმომადგენლობა! მნიშვნელოვნად შემცირდება საარჩევნო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან! შეიქმნება უფრო სტაბილური და სამართლიანი პოლიტიკური გარემო!“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში, რომელიც 11 ივნისს გამოქვეყნდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, თუ რატომ დგას საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა:

 „ეს საკითხი აქტუალური დღეს არ გამხდარა. არასამთავრობო სექტორი ამაზე ყოველთვის საუბრობდა. „ქართულმა ოცნებამ“  წინასაარჩევნო პროგრამაში ასახა ცვლილებების საჭიროება. მაშინაც კი ყველა უსამართლოდ მიიჩნევდა მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამგვარი სისტემა მმართველ პოლიტიკურ ძალას აწყობს, რომ უმრავლესობით მოვიდეს კვლავ ხელისუფლებაში. შერეული სისტემა, მაჟორიტარული და პროპორციული რაც გვაქვს, იწვევს ხმების დიდი რაოდენობით დაკარგვას, ამომრჩევლის ხმები პროპორციულად ვერ ნაწილდება  მანდატებში და არათანაბრად ხდება მოსახლეობის განწყობების ასახვა. ამავე დროს დარღვეულია ხმების თანაბრობის პრინციპი და ამაზე საკონსტუტიციო სასამართლომაც იმსჯელა. ამომრჩევლის ხმების თანაბრობის პრინციპი ირღვევა, თუ 5 ათასი და 50 ათასი ამომრჩეველიც ერთ მაჟორიტარს ირჩევს, მაშინ ცხადია, რომ მათი ხმები თანაბრად არ აისახება მანდატებში“, - აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

 „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე  სამ ძირითად პრობლემას გამოკვეთს საარჩევნო სისტემაში, რომელიც, მისი მოსაზრებით, დაუყონებლივ უნდა აღმოიფხვრას:

„პირველი და მთავარი პრობლემაა, რომ მაჟორიტარული სისტემით არ არის უზრუნველყოფილი არჩევნების პროპორციული შედეგი, კერძოდ, მიღებული ხმები პროპორციულად არ აისახება პარტიების მიერ მიღებულ მანდატებში, ამიტომ, რიგ შემთხვევებში, პარტია იღებს უფრო მეტ მანდატს, ვიდრე აქვს მხარდაჭერა. ძირითადად, ეს მოქმედებს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ და პატარა პარტიები იღებენ ნაკლებ მანდატს, ვიდრე მათ მიერ მიღებული ხმებია.  მეორე პრობლემა ხმის თანასწორობის პრინციპის დარღვევაა. მესამე პრობლემა ხმების დაკარგვასთანაა დაკავშირებული. მაჟორიტარული სისტემის დროს დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კანდიდატი შესაძლოა გამოცხდადეს 31 %-იანი მხარდაჭერით გამარჯვებულად, მაშინ როცა მის წინააღმდეგ მიღებულმა ხმების რაოდენობამ  69% შეადგინოს“, - განმარტავს ელენე ნიჟარაძე.

არასამთავრობო სექტორი ერთხმად აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის არგუმენტი, თითქოს ცვლილებები 2016 წლამდე ვერ მოესწრება, წონიანი არაა:

„ხელისუფლებას არ უნდა საარჩევნო სისტემის შეცვლა და ამ გადაწყვეტილების მიღებით ისინი არ ასრულებენ იმ დაპირებას, რომელიც ჰქონდათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს ხელისუფლება იზიარებს, მაგრამ ამბობს, რომ 2020 წლისთვის დანერგავს ამ სისტემას. ის არგუმნტი, რომელიც მათ აქვთ, რომ ცვლილებები დროში ვერ მოესწრება, არ არის წონიანი, რადგან დღეს ჩვენ გამზადებული გვაქვს,  როგორც კონსტიტუციური ცვლილებების, ასევე საარჩევნო კოდექსის პროექტი, შესაბამისად, ერთადერთი - პოლიტიკური ნება უნდა, რომ დაიწყოს დისკუსია პარლამენტში და კენჭი უყარონ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ვარიანტს“ - ამბობს „ფონდ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

რას ფიქრობს ოპოზიცია?

„გამოცდილებამ აჩვენა, რომ მაჟორიტარული სისტემა საქართველოში არ მუშაობს და მას ყოველთვის ცუდად იყენებს მმართველი გუნდი“, - ეკა გიგაურის ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ერთხმად აღნიშნავენ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება „ქართულ ოცნებას“ უმრავლოსაბაში კვლავ დასარჩენად სჭირდება.  ისინი თითს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ, რომელიც, მათი მოსაზრებით, ვერ ელევა ძალაუფლებას.

 „ხელისუფლება თავის ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის იბრძვის, ოპოზიცია რეალურად სამართლიანი არჩევნებისთვის. თუ ყველა ოპოზიციური ძალა შეძლებს და ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, ეს იქნება სერიოზული გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - ამბობს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

პლენარული სხდომის ბოიკოტირების მიუხედავად, მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან „თავისუფალი დემოკრატები“ და ბურჯანაძის ინიციატივის გაზიარებას არ აპირებენ:

 „ხელისუფლება ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და მას არჩევნებზე  არ აქვს ქართველი ხალხის იმედი. ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, ამ ქვეყანაში გაატაროს საარჩევნო რეფორმა და არ ამოეფაროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილ სისტემას. ჩვენ ველოდებით 2016 წლის არჩევნებს, ვემზადებით, ვავითარებთ პარტიულ ოფისებს რეგიონებში. ბოიკოტს არ ვაპირებთ“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“  ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი.

 „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარაზიტებს ეძახის მაჟორიტარებს და განმარტავს, რატომ ზარალდება ოპოზიცია თუ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე არ გადავა:

„ჩვენი პარლამენტი შედგება 150 წევრისგან. აქედან ნახევარზე მეტი მაჟორიტარაი და მეორე ნახევარი პროპორციული სიით შესული პარლამენტში. ყველა მაჟორიტარი, იგივე წვრილი ფეოდელები, ბიძინას ვასალია, მას უზის ჯიბეში. გამოდის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების ნახევარი ბიძინასია, ჩვენ მას კი უნდა შევეჯიბროთ მეორე ნახევრის გადანაწილებაში. მხოლოდ ბარიერი რომ გადალახოს „ქართულმა ოცნებამ“, ექნება 73- ს დამატებული 6 მანდატი, ანუ  79 მანდატი და მოგებული აქვს უკვე არჩევნები. 76  არის ქვორუმი. 73 მანდატი ჯიბეში ედოს ერთ პოლიტიკურ ძალას და 77-ზე ვეჯიბრებოდეთ, ეს უკვე არალოგიკურია. 30%-იც რომ აიღოს პროპორციული სიით „ქართულმა ოცნებამ“ , მაშინ უკვე საკონსტუტიციო უმრავლესობა ექნება. და ეს სამართლიანია?“ - რიტორიკულ კითხვას სვამს  ჯონდი ბაღათურია.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა აუცილებელია:

„ნათელია, რომ ეს ხელისუფლება გაკოტრებულია მთლიანად. მას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ ვაგრძლებთ წნეხს ხელისუფლებაზე. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენს პოზიციას - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე - მთლიანად იზიარებენ. ეს ძალიან დიდი წნეხია ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ის 2016 წლის არჩევნებისთვის კვლავ ებღაუჭება ძალაუფლებას და არ აძლევს ნებას ქართველ ხალხს, გააკეთოს სამართლიანი არჩევანი“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

რას მოიმოქმედებს მმართველი გუნდი, შეასრულებს თუ არა წინასაარჩევნო დაპირებას და 2016 წლისთვის გაატარებს საარჩევნო რეფორმას, ისე რომ მაჟორიტარული სისტემა გააუქმოს, უცნობია. მანამდე ხელისუფლების გადაწყვეტილება, მაჟორიტარი დეპუტატები 50%-იანი ბარიერით აირჩიონ,  ერთმანდატიანი ოლქები ამომრჩეველთა რაოდენობის საფუძველზე გათანაბრდეს და მაჟორიტარული კომპონენტი 2016 წლის არჩევნების შემდეგ გაუქმდეს, ძალაშია.


 

 

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი