|
  • EUR 1 = GEL 2.9344
  • USD 1 = GEL 2.4864
|

"თეატრალურ იმერეთს" საქართველოში ანალოგი არ აქვს"

"თეატრალურ იმერეთს" საქართველოში ანალოგი არ აქვს" -განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ  თეატრალური ფესტივალის გახსნაზე.

"მერვე წელია წყვეტის გარეშე ტარდება თეატრალური ფესტივალი, რომელშიც 12 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს, ეს ნიშნავს რომ 12 მუნიციპალიტეტში არის თეატრი, მუშაობენ, მოსახლეობას სიამოვნებას ანიჭებენ და შემდეგ წელიწადში ერთხელ ხდება ამ ყველაფრის თავმოყრა უძველეს ქალაქში- ქუთაისში.  საქართველოში ამ ფესტივალის ანალოგი არ არსებობს, ეს ამაგი დააფასა კულტურის სამინისტრომ და ფესტივალის სულის ჩამდგმელს ლევან როხვაძეს "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა, -განაცხადა შოთა მურღულიამ. 

ქალაქის მერის განცხადებით, ფესტივალის შარშანდელ სეზონს 14 ათასი მაყურებელი დაესწრო.

ფესტივალი ტრადიციულად ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლით გაიხსნა, წარმოადგინეს გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი "რევიზორი". 

ფესტივალი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მასში მონაწილეობას იღებენ იმერეთის თეატრები. ფესტივალის დახურვის დღეს კი სპექტაკლს წარმოადგენს აზერბაიჯანის კახის რაიონის სადახლოს ქართული თეატრი.

ფესტივალს ყავს ჟიური, რომელსაც თეატრის კრიტიკოსი მაკა ვასაძე ხელმძღვანელობს, ჟიურის შემადგენლობაში არიან ლელა ოჩიაური, ნიკა წულუკიძე  და იმერეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დავით გორდელაძე.

სპექტაკლებზე დასწრება მაყურებელს უფასოდ შეუძლია.

 

  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე