|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ვთვლი, ამ ფორმაციის საკრებულომ გამოწვევებს თავი გაართვა“

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულო მუშაობას ასრულებს. ოქტომბერში ახალი საკრებულო შეიკრიბება.

როგორ აფასებს სამწლიან მუშაობას საკრებულოს  და ქალაქში შესრულებულ რომელ პროექტებს გამოყოფს, ამ თემაზე საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი "ნიუპრესს" ესაუბრა.

-როგორ შეაფასებდით საკრებულოს მუშაობას, ასევე თქვენს საქმიანობას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე?

 -ყოველი წლის შეჯამების დროს გამოვყოფდი ამ საკითხს და ახლაც მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ ფორმაციის საკრებულომ, ვთვლი, რომ გამოწვევებს თავი გაართვა, უმრავლესობის ბირთვი გამოირჩეოდა გუნდურობით, სამუშაო პროცესი იყო აქტიური და და მოქნილი. ოპოზიციას ჰქონდა ჩართულობის საშუალება და სივრცე, სურვილის შემთხვევაში ყოფილიყო პროცესის ნაწილი. როგორც საკრებულოს სხდომის, ისე ბიუროსა და კომისიის მუშაობის პროცესი იყო სრულად გამჭვირვალე და ღია, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე მედიისათვის. ეს თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა და ამისათვის კოლეგებს ჩემგან მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

-როგორ თანამშრომლობდით ქუთაისის მერიასთან და რა საკითხებს გამოყოფდით, რომლებიც ერთობლივი მუშაობით გადაწყდა?

-არ ვაპირებ შედარების ფორმატში ვისაუბრო, თუმცა მინდა ვთქვა, რომ 2014-2017 წლების თვითმმართველობა ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდური მუშაობით ნამდვილად გამორჩეული იყო და ამ პრინციპის მაღალი სტანდარტი დავამკვიდრეთ, რისთვისაც ბევრი გააკეთა როგორც ქალაქის მერმა, ისე ჩემმა თანაგუნდელმა კოლეგებმა საკრებულოდან.

- თუ გაიხსენებთ საკითხს, სადაც თვლით, რომ საკრებულოს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა?

თვითკმაყოფილება ჩვენი სტილი არ არის, შესაბამისად ყოველთვის უნდა თვლიდე, რომ მეტი და მეტი ძალისხმევა უნდა ჩადო საქმეში. თუ ასე არ იფიქრებ, აუცილებლად დაიწყება სტაგნაცია. შესაბამისად, ყველა, თუნდაც წარმატებული გადაწყვეტილება მეტი ძალისხმევის მოთხოვნილებას თავისთავად აჩენს.

- პროექტი, რომელსაც თვლით ქუთაისის ხელისუფლების მთავარ მიღწევად, ასევე საკითხი, რომელიც, თქვენი აზრით, არ უნდა განხორციელებულიყო?

-მინდა ვთქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა მოცულობის პირთა წრეს ეხებოდა იგი, რადგანაც პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე ყველას მიმართ. თუმცა, როდესაც 2014-2017 წლებზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გამოიყოს ეპოქალური პროექტი - ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის გადაწყვეტილება.

-მიიღებდით თუ არა გამოწვევას მეორედ და დათანხმდებით საკრებულოს თავმჯდომარეობას?

-არ ვფიქრობ, რომ ამჟამად ქალაქისათვის მთავარი საკითხი იყოს ის, თუ ვინ წაიყვანს საკრებულოს სხდომას. სამთავრობო გუნდს ერთდროულად აქვს როგორც დიდი ფუფუნება იმისა, რომ ბევრ ღირსეულ კანდიდატს შორის გააკეთოს არჩევანი, ასევე იმავდროულად რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, ამ ღირსეულთა სიმრავლიდან გამოკვეთოს საუკეთესოები იმისათვის, რომ დააკომპლექტოს ქალაქის მმართველობით რგოლი ყველა მიმართულებით. მმართველი გუნდის ყოველი წევრი გუნდური მოთამაშეები ვართ და ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორიც იქნება ერთობლივი ხედვა და მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება.

 

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარები თავიანთ საქმიანობას აფასებენ

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი