|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია"

"არჩევნებმა კი არ უნდა შეაფერხოს ქვეყნის განვითარების პროცესი, არამედ წინ წასწიოს", –განაცხადეს დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისში გამართულ შეხვადრაზე.

შეხვედრები, რომელსაც "ნიდერლანდების ინსტიტუტი" რეგიონებში მართავს, მიზნად ისახავს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შორის დიალოგის წარმართავასა და  ძალადობრივი ინციდენტების შემცირებას.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო გარემოს შესახებ რეკომენდაციები "საიას" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა გააცნეს. 

 "ყველაფერი უნდა იყოს გაკეთებული, რომ თანაბარი გარემო ჰქონდეს ყველას.  შეფასდა შუალედური არჩევნები, რამაც მოლოდინი, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდებოდა, გააქრო და გარკვეული საშიშროებები დაგვანახა. არსებული სისტემა არ ქმნის თანაბარ გარემოს, რომ მოხდება  ამომრჩეველთა ხმების თანაბარი გადანაწილება. გერმანული მოდელი არ მიიღეს, რაც საარჩევნო გარემოზე ცუდად აისახება", –განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  (ISFED)" ორგანიზაციის  ქუთაისის რეგიონულმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ. გიორგი სანტურიანის განცხადებით,  საკანონმდებლო კუთხით არაფერი შეცვლილა გასულ წლებთან შედარებით.

წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევების მოლოდინშია "ნაციონალური მოძრაობა".  ქუთაისის საკრებულოს წევრის, ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, ხელისუფლებამ შუალედური არჩევნებით აჩვენა,  თუ რა ფორმით აპირებს არჩევნების ჩატარებას. მან ასევე  აღნიშნა,  რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა ღონეს იხმარს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ხელისუფლებას არ მისცემენ გაყალბების უფლებას, რადგან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა დამოკიდებული  ქვეყნის განვითარება.

წინასაარჩევნოდ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს "ახალი პოლიტიკური ცენტრის–გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. თემურ ცამციშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ და თანაბარ გარემოში უნდა ჩატარდეს, რომ მოსახლეობამ  საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეძლოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს არ დაეთანხმა „ქართული ოცნების“ წევრი გოჩა ავალიანი. მისი განცხადებით, არ მოხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ამის დასტურად კი  დღევანდელ შეხვედრაზე მისასვლელად გაფორმებული შვებულება მოიყვანა. ავალიანის განცხადებით, იმისთვის, დღევანდელ შეხვედრას დასწრებოდა,  შვებულება გააფორმა, რაც წინა  ხელისუფლების დროს წარმოუდგენელი იყო. რაც შეეხება გარემოს, თვლის, რომ წინასაარჩევნო გარემო თანაბარია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა