|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭიღვარიას შეხვედრაზე მშობლების მიყვანა დამავალეს" - ბაღის აღსაზდელის მშობელი

ქუთაისელი სოფო სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, საბავშო ბაღში მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეა, მას დაუკავშირდნენ და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან გიორგი ჭიღვარიასთან შეხვედრაზე მშობლების მიყვანა დაავალეს.

"ბაღში ვარ მშობელთა კომიტეტი. დღეს მოდის ვიღაც, იწერს ჩემს ნომერს (მგონია, რომ მშობელია) და აი რას მეუბნება - დღეს შეხვედრა აქვს ჭიღვარიას, მასწავლებლებიც იქნებიან და თქვენ გევალებათ წამოიყვანოთ თქვენი მშობლების გარკვეული რაოდენობა.. თავი ძლივს შევიკავე.. რას გავს ეს?! თანაც გავამეორებინე, მე მევალება თუ არა მშობლების წაყვანა? პასუხად გამცა, რომ დიახ, მე მევალებოდა, მაგრამ ბევრი კი არა, ასე 5 - 6 მშობლის წაყვანა.. მიპასუხეთ, რა არის და რას გავს ეს??!"- წერს სოფო სვანიძე, რომელიც, როგორც სოციალურ ქსელში მის მიერ განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და საკრებულოში ამ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გაგა მანაგაძის მეუღლეა.

ავტომშენებლის საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი გაგა მანაგაძე ადასტურებს, რომ პოსტი მის მეუღლეს ეკუთვნის, ხოლო შემთხვევა ავტოქარხანაში, ბაგა-ბაღების გაერთიანების #5 ფილიალში მოხდა.

"მე თვითონ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ, ისეთი დაბნეულები არიან, ისიც არ იციან, ვისთან უნდა მივიდნენ ასეთი დავალებებით", - განაცხადა გაგა მანაგაძემ.

ქუთაისის ააიპი ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე ფაქტთან რაიმე კავშირს უარყოფს. "მშობლებთან დავალებითი ფორმის ურთიერთობები, ნებისმიერ საკითხზე, არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს" -აცხადებს ნანა ლორთქიფანიძე.

"ვერც ერთი საჯარო მოხელე იტყვის, რომ ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბიდან მათ რაიმე სახის დირექტივა აქვთ. ჩვენ არ ვმუშაობთ ასე, ჩვენ არ ვაიძულებთ, არ ვატერორებთ და ვაშინებთ ადამიანებს, რომ მოვიდნენ ჩვენს შეხვედრებზე. მსგავსი ტიპის განცხადებები, ვფიქრობ ოპონენტების მხრიდან მორიგი მცდელობაა, ჩირქი მოსცხონ პარტიას შტაბს და ჩვენგან მოძალადის ხატი შექმნან. ჩვენ არ ვმოქმედებთ მათი წესებით და ხერხებით"-განაცხადეს "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბში.

 

 

მთავარი ფოტო - არქივიდან 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა