|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რიგოლეტო ის სპექტაკლია, რომელიც განსაკუთრებით მოითხოვს მოწვეულ მსახიობებს"

"პრემიერის ტოლფასია ყოველი სპექტაკლი, ვცდილობ, ყოველთვის იყოს სიახლე, იყოს ბევრი ახალი ხმა, ახალი მსახიობი. ეს აცოცხლებს თეატრს და ჩვენც გვაძლევს სტიმულს"- აცხადებს ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

მისი ინიციატივით, ვერდის ოპერა "რიგოლეტოს" ჩვენება მოწვეული მომღერლების მონაწილეობით გაიმართა.  სპექტაკში "რიგოლეტოს" პარტია წარმატებულმა ბარიტონმა ბაჩო ნაკაშიძემ შეასრულა, ჯილდას პარტია კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა ნინო ჩაჩუამ იმღერა.   

"რიგოლეტო ის სპექტაკლია, რომელიც განსაკუთრებით მოითხოვს მოწვეულ მსახიობებს. ჩვენი მეგობრული ურთიერთობებით ჩვენ ვახერხებთ ამას, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰონორალები გადავუხადოთ მოწვეულ მსახიობებს, მართალია, ამით არსებობენ მუსიკოსები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქუთაისის თეატრს ყველა უანგაროდ უდგას გვერდით. დღეს მესამედ ვასრულებთ რიგოლეტოს, ვერდის ოპერა ფუფუნებაა, მითუმეტეს, ჩვენი თეატრისათვის", -განაცხადა ოპერის თეატრის დირიჟორმა.

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერის "რიგოლეტო" პრემიერა 27 დეკემბერს გაიმართა, მეორე ჩვენება კი ევროპაში მოღვაწე ქართველი ბარიტონის გოჩა აბულაძისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტის მარიკა მაჩიტიძის მონაწილეობით მოეწყო.

მოწვეულ სტუმრებს ღირსეული პარტნიორობა გაუწიეს ქუთაისელმა მომღერლებმა.  მანტუას ჰერცოგის როლი ბადრი ადამიამ  შეასრულა, სპარაფუჩილე - კალე ხარჩილავამ, მადალენა -ბელა ზაქაიძემ. 

სპექტაკლში ასევე მონაწილეობდნენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე  (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), სოფიო ბიბილეიშვილი (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი), მათ პარტნიორობა გაუწია თეატრის გუნდმა, ორკესტრმა და ქორეოგრაფიულმა დასმა. მასხარას როლი ბელა მაჭავარიანმა შეასრულა.

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, თეატრის მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე. 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა