|
  • EUR 1 = GEL 3.1766
  • USD 1 = GEL 2.706
|

"ძალიან მეეჭვება, ამომრჩეველი რაიმეს აზრზე იყოს"

"ნიუპრესი" ქუთაისის კიდევ ერთი მერობის კანდიდატს გაგაცნობთ. ამჯერად ინტერვიუს  "პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი"-ს მიერ წარმოდგენილ მერობის კანდიდატ გრიგოლ ბახტაძესთან შემოგთავაზებთ. 

-ქალაქის მთავარი გამოწვევა რა არის, რის შეცვლას აპირებთ?

-ამ კითხვაზე პასუხი არ არის იოლი, იმიტომ რომ ის საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომლებიც მოგვარებული უნდა იყოს ნებისმიერი ქალაქის სინამდვილეში არცერთი არ არის მოგვარებული წლების განმავლობაში დგას მსგავსი პრობლემები. მე დავიწყებ ამ პრობლემების მოგვარებას ეს არის რეალობა.  ვერ გამოვყოფ ვერცერთ საკითხს, რომელსაც პირველ ადგილზე დავაყენებ, ყველა პრობლემის მოგვარება ერთნაირად მნიშვნელოვანია.

 

-გამარჯვების შანსებზე რას იტყვით?

-ძალიან შაბლონურ კითხვებს სვამთ.... ყველა კანდიდატი, ვინც მერობისთვის იბრძვის, დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუ რა თქმა უნდა, გულით სურს ქუთაისის მერობა. არიან ისეთი კანდიდატებიც, რომლებიც მხოლოდ რეგისტრირდებიან იმის გამო, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მიიღონ. მე, პირადად, ამ ლოგიკით არ ვიღებ მონაწილეობას. შანსებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ დიდი შანსი მაქვს. ასე რომ არ იყოს არჩევნებში მონაწილეობას არც მივიღებდი.

-ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად და ელოდებით თუ არა მეორე ტურს?

-მოცემულ კანდიდატებში რომ ვიცოდე რომელიმე ღირსეულია, ჩავთვლიდი რომ მთავარი კონკურენტიც მყავს, თუმცა მე ამას ასე არ ვუყურებ.  მთავარ კონკურენტად მხოლოდ სახელმწიფო რესურსსა და იმ თანხაში ვხედავ, რომლითაც წინასწარ ხდება მოსახლეობის მოსყიდვა. ასევე იმ ფარულ გარიგებებს, რაც წინა არჩევნებზე ნაცებსა და მთავრობას შორის მოხდა. პირველ ტურში წინასწარ თანხის დარიგება, სიების შედგენა და საკუთარი ამომრჩევლის მიყვანა რომ ხდებოდა, მთელმა ქუთაისმა იცის.
მქონდა "ქართული ოცნებიდან" შემოთავაზება დამეტოვებინა პარტია და მხარი დამეჭირა მათთვის. პირდაპირ მითხრეს, რომ მეორე ტურში ვერ გავიდოდი, უკვე "ნაციონალური მოძრაობა" საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავსო. მისცა "ოცნებამ" ნაცებს საშუალება საკმაოდ ბევრი თანხა დაეხარჯა და მეორე ტურში გასულიყო. მეორე ტურში კი ხელ-ფეხი შეუკრა მათ და საკუთარი რესურსით მოახდინა გამარჯვება.
რამდენად მიხვდა ხალხი ამ ყველაფერს არ ვიცი, მე ძალიან მეეჭვება, ამომრჩეველი რაიმეს აზრზე იყოს.

რაც შეეხება მეორე ტურს, დარწნუნებული ვარ, რომ თუ კი შედარებით პატიოსანი არჩევნები ჩატარდება, თუ ხალხი გონს მოვა, მეორე ტურის შანსი საკმაოდ დიდია.

 

-როგორი მერი იქნებით გამარჯვების შემთხვევაში?

-ქუთაისს და მის მოსახლეობას მეურნე სჭირდება. დღეს ამ სიტყვამ მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ უნდა იყო მეურნე. ამ სიტყვაში ყველაფერი დევს. თუ კი იქნება ქალაქის მერი პოლიტიკური ლიდერიც, ცუდი არ არის. არ მახსოვს მერი, რომელიც პოლიტიკური ლიდერიც ყოფილიყო და ქალაქის მოყვარული.  მერმა მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქალაქზე.  ბათუმს სამჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე ქუთაისს, ბათუმი აინტერესებთ, ქუთაისი თამაშგარეა, რატომ?! იმიტომ, რომ ქუთაისს არ ჰყავს პატრონი.

ჟურნალისტები არიან დამნაშავენი, რადგან ყოფილი ხელისუფლების ისეთ წარმომადგენლებს იწვევენ გადაცემებში და ისეთებზე წერენ, რომლებსაც არაფერი უკეთებიათ. არცერთ მათგანს არ გავაკარებდი მედია სივრცეს.  ხალხმა ამით უნდა დაინახოს, ვინ იყო მათ მხარეს და ვის არ აინტერესებდა ქალაქი.

-ბიზნეს სექტორიდან პოლიტიკაში წასვლის მიზეზი რა იყო?

-აქამდე არ მქონდა არცერთი პოლიტიკური პარტიის იმედი, 2003 წელს გურამ აბსნაძის პარტიის წევრი ვიყავი, თუ კი გამოჩნდებოდა რომელიმე პარტია, რომელსაც ქალაქზე მართლა გული შესტკიოდა, მე მათ მხარეს ვიყავი ყოველთვის. ახლა "პატრიოტთა ალიანსში" ვუყურებ იმ ორგანიზებულობის ძალას, რომლის სურვილია რომ ქართული პოლიტიკის მმართველი და მკეთებელი ქართველი კაცი იყოს, და არა ვინმე ამერიკელი და რუსი.

 

-ამომრჩეველმა რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი?

 

-მე ხაზს ვუსვამ ერთ რამეს, სხვებისგან გამორჩეულად მე მართლა მოვდივარ  ეროვნული მოძრაობიდან. მე მისი მრწამსისთვის არ მიღალატია. მე ვიყავი რამდენიმე მეგობართან ერთად, ვინც პროტესტი გამოაცხადა და საკრებულოდან წამოვიდა. მთავარი ის კი არ არის, რომ ეროვნული მოძრაობის წევრი იყავი, მთავარია, რა წამოგყვა იქედან. თამამად ვამბობ, რომ დღეს აწ უკვე ბევრისთვის დასაცინი ჯანსაღი პატრიოტიზმი დამრჩა, მე დღემდე მაქვს მამულისადმი ვალდებულება, რომელიც ჯერ კიდევ გადაუხდელი მაქვს. მე გამოცდილება მაქვს, მართლა შემიძლია საქმის კეთება, იმას თავი დავანებოთ რომ მაქვს პრეტენზია იმისა, რომ მართალი კაცი ვარ.

 

 

 მსგავსი: "2023 წლისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად"

"მე ვიქნები მოძრავი მერი" - ზვიად ბაღდავაძე

"ქართულ ოცნებაში თუ ჰგონიათ, ისევ მხარს დავუჭერ, ძალიან ცდებიან"

"ჩვენ ვიქნებით სახალხო მმართველები"-სამსონ გუგავა

გრიგოლ ვაშაძე: "ქუთაისში ნათესავები მყავს, მაგრამ ამ ნიშნით არავინ იმუშავებს მერიაში"

გიორგი ჭიღვარია: "ვრჩებით იმ ხალხთან, ვინც წინა მერის "ნათესავები და ახლობლები" არიან"

ავტორი: ხატია ბანძელაძე