|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და გაეროს ოფისმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, რუსთაველის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართეს. კამპანიის სლოგანია „ხმა ავიმაღლოთ ადამიანის უფლებების დასაცავად“.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში  საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა მუნხტუია ალთანგერელმა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ისაუბრეს.

„დღეს სრულიად მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, რომლის მთავარი გზავნილი თანასწორობის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსებისთვის ერთობლივი ბრძოლაა. ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ ჩვენ  ვსაუბრობთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს. სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სწორედ დეკლარაციის სულისკვეთებას ეფუძნება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

„წელს, ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს. ადამიანის უფლებები ძირითადია ევროკავშირისთვის და მისი საქართველოსთან ურთიერთობისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კვლავ ავიმაღლებთ ხმას მსოფლიოში ადამიანის უფლებების დასაცავად,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელის მუნხტუია ალთანგერელის განაცხადებით, „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ყველას ერთად და ყოველ ჩვენთაგანს ცალ–ცალკე ეხება. დეკლარაციაში გამოცხადებული ძირითადი უფლებები დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. მართალია, დეკლარაცია მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ  ბევრი ქვეყნისათვის მისი განხორციელება კვლავაც გამოწვევად რჩება.“

სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოსახლეობას განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

ავტორი: ნიუპრესი