დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ახალი მიმართულება ემატება
დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „Wizz Air“ 7 ახალი მიმართულებით იფრენს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.
,,არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია „Wizz Air“ 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავტორი: ნიუპრესი