11 აგვისტო შინდისის გმირების ხსოვნის დღედ დაწესდება
ეს დღე დაწესდება როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც შინდისში გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მინისტრის თქმით, 14 წლის წინ ამ ადამიანებმა საკუთარი სამშობლოს დასაცავად გმირობა ჩაიდინეს.
„14 წლის წინ აქ მოხდა ტრაგედია. თუმცა დღეს, 14 წლის შემდეგ ჩვენ ვართ ამაყები ჩვენი გმირებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს ასეთი ადამიანები გაუზარდეს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი იაზრებს ყოველ წელიწადს თუ რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის, რა ღვაწლი აქვთ და ეს დღე დაწესდება როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
შინდისის გმირების ხსოვნის მონუმენტი ამ დრომდე არ დასრულებულა, მინისტრის თქმით, მისი დასრულება სექტემბერში იგეგმება.
ავტორი: ნიუპრესი