შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აპრილში ტურისტულმა ნაკადმა მნიშვნელოვნად მოიმატა

3 მაისი, 2016 • Newpress • 59

აპრილში ტურისტულმა ნაკადმა მნიშვნელოვნად  მოიმატა

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ზრდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ფიქსირდება.

მიმდინარე წლის აპრილი ტურისტული ნაკადის ზრდით აღინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აპრილში საქართველოს საზღვარი სულ 462 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

საქართველოში 24 საათზე მეტი კი 171 ათასმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. ქვეყანაში ტრანზიტის მიზნით – 107 500 ვიზიტი განხორციელდა, რაც საერთო რაოდენობის 23,3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13,5%-ით აღემატება.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 596 916 ვიზიტი განხორციელდა, რაც 15,4%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2016 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია, ლატვია და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 25% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (29%) და უზბეკეთი (64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (36%) და მოლდოვა (36%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.

ყველაზე მაღალი 380%-იანი ზრდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ფიქსირდება. 2016 წლის იანვარ – აპრილის მანძილზე საქართველოში სულ 20 ათასი ირანელი ვიზიტორი იმყოფებოდა. ირანელი ვიზიტორების მატება თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება.

თეგები: ტურიზმი