აშშ-ს საელჩომ საქართველოში დაღუპული პოლიციელის – მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი დააწესა.
პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს – მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს – კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და – თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.
დაჯილდოება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის -„ქალები პოლიციაში“ ფარგლებში მოხდა, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა.
კონფერენცია -„ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, მაია ჯავახიშვილი კახეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.