|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეიმურაზ აფხაზავა - ქუთაისელი მსოფლიო ჩემპიონი

თავდაპირველად ფეხბურთით დაინტერესდა. გარკვეული პერიოდი აქტიურად თამაშობდა კიდეც, მაგრამ ფიზიკური მონაცემების გამო თავი დაანება. დღეს ამ ფაქტს იუმორით იხსენებს: „მიყვარდა ფეხბურთი და ყველა ბავშვივით წარმატებაზე ვოცნებობდი, მაგრამ დაბალი ვიყავი და როგორც აღმოჩნდა, საკმარისი მონაცემები არ მქონდა. ერთს რომ მოვატყუებდი და წავართმევდი ბურთს, სხვებს ვეღარ ვასწრებდი და ბურთის გარეშე ვრჩებოდი“.   საფეხბურთო კარიერაში  მისმა წარუმატებლობამ  ქუთაისს და საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი შესძინა.

თეიმურაზ აფხაზავა 1955 წელის 21 აპრილს ქუთაისში დაიბადა. მეოთხე საშუალო სკოლის მოსწავლე, ჭიდაობით მოგვიანებით დაინტერესდა. 13 წლის იყო, თუმცა ვარჯიშის დაწყებიდან ორ თვეში უკვე პირველი წარმატება მოვიდა. ჯერ ქალაქის, შემდეგ კი რესპუბლიკის პირველობა მოიპოვა. ვარჯიშთან ერთად სწავლასაც ყურადღებას უთმობდა, დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი.

დიდი წარმატება 1982 წელს მოვიდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (82 კგ წონითი კატეგორია) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამბობს, რომ წარმატება დიდი და თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო, თუმცა გარკვეული როლი იღბალაც ითამაშა.

„მსოფლიო ჩემპიონობა ადვილი არაა. ეს არის საოცარი შრომის შედეგი. დღეში სამჯერ ვარჯიში, ილეთების კეთება, ბრძოლა. ყოფილა შემთხვევა, დღის განმავლობაში 17–ჯერ გამოგვიცვლია ფორმა. სამწუხაროდ, ბევრი ვერ აღწევს წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ სპორტს მთელ ცხოვრებას სწირავენ. ჩემი ორი ძმაც და ბევრი მეგობარი სპოტრსმენია, ყველაფერი სპორტს შესწირებს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღიწეს. დღეს ახალგაზრდებს ყველა პირობა აქვთ, გახდნენ წარმატებულები. მთავარი მონდომება და მიზანია, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. სახელმწიფოც დიდ ყურადღებას და ფინანსებს უთმობს ამ სფეროს,“–აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონი.

სწყინს მისი მისამართით გამოთქმული საყვედურები და ის, რომ ზედმეტ ყურადღებას აყვედრიან.

„გული მწყდება, ვიღაც–ვიღაცეები რომ აღნიშნავენ: რა გააკეთა ასეთი, თან რომ ყვებიან  და ამდენ თანხას აძლევენო?!  სხვისთვის ადვილი სათქმელია, მაგრამ ეს არაადამიანური შრომით მოპოვებული წარმატებაა“.

ჭიდაობის მაღალი კლასის, სწრაფი, მოქნილი ილეთების, დიდი ტექნიკური არსენალისა და სახის ფერის გამო გულშემატკივრებმა "შავი ავაზა" შეარქვეს. სახელოვანი ქართველი მოჭიდავესპორტის დამსახურებული ოსტატიღირსების ორდენისკვალერი სახელზე დღეს არაერთი ჯილდო ირიცხება. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 1984) და ორგზ მესამე პრიზიორი (1979, 1986) ასევე მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1975). მსოფლიოს უნივერსიადის ვერცხლის მედლის მფლობელი (1984). საბჭოთა კავშირის ხალხთა მეშვიდე და მერვე სპარტაკიადების მეორე და მესამე პრიზიორი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ჩამოთვლილ ჯილდოებს ოლიმპიური მედალი არ ამშვენებს. ესეც მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის დაპირისპირების გამო. 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე კაპიტალისტურმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით უარი თქვეს, 1884 წელს კი ოლიმპიადა აშშ–ში გაიმართა, ამჯერად „საბჭოთა კავშირმა“  განაცხადა  უარი. არადა, როგორც იხსენებენ, თეიმურაზ  აფხაზავა ბრწყინვალე ფორმაში იყო და ოლიმპიური ჩემპიონობის ფავორიტი კანდიდატიც გახლადათ, სწორედ ამ დროს მოიგო  „დრუჟბის“ ჩემპიონატი.

მიუხედავად არაერთი საინტერესო შეთავაზებისა, ქალაქის ერთგული დარჩა. დღეს სპორტის სასახლის დირექტორის მოადგილეა და ახალგაზრდა სპორტსმენებს ადევნებს თვალს. ქალაქმაც დაუფასა ერთგულება. დღეს დიდი სიყვარულით სარგებლობს. ამასთან ერთად,  წელს, მისი სამოცი წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელოვან სპორტსმენ თვითმმართველობაში მიღება  გაუმართეს. ოლიმპიურ ბაღში კი მისი სახელობის ვარსკვლავს პავივი მიაგეს. მოეწყო თეიმურაზ აფხაზავას შესახებ მომზადებული წიგნის  „შავი ავაზა“ პრეზენტაცია,  მესხიშვილის თეატრში კი სპორტსმენისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. თავმდაბლობით გამორჩეულმა მსოფლიო ჩემპიონმა უამრავი მილოცვა და საჩუქარი მიიღო.  თუმცა, როგორც თვითონ ამბობს,  მისთვის ყველაზე ძვირფასი მის მიმართ გამოვლენილი დაფასება და სიყვარულია.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა