"ძალიან მინდა, ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს" - 16 წლის მეწარმე ქუთაისიდან
16 წლის ქუთაისელი ქრისტეფორე დარჩაშვილი სასკოლო საგნების სწავლასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა. ქუთაისის #23 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე თანამოაზრეებთან ერთად 4 თვის წინ წამოწყებული ბიზნესის პიარისა და ნაწარმის რეალიზების საკითხებს კურირებს. სამეწარმეო საკითხებით დაინტერესებას ქრისტეფორე არაფორმალურ განათლებას უკავშირებს. თვლის, რომ სამეწარმეო საქმეებში ახალგაზრდების ჩართვა აუცილებელია.
„სამეწარმეო საქმიანობისადმი ჩემი ინტერესის გაღრმავებაში არაფორმალურმა განათლებამ დიდი როლი ითამაშა. მეწარმეობა ძალიან საინტერესო გახდა ჩემთვის და ამ საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში ვარ ჩართული. ძალიან მიხარია, რომ ამ ასაკიდანვე გამოცდილი მეწარმეებისგან ვსწავლობ ბაზრის ანალიზს, ნატურალური პროდუქტის წარმოებას, ნაწარმის რეალიზებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლის კარგი ცოდნა და პრაქტიკაში სწორი გამოყენება მეწარმის წარმატების გარანტიაა. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდეთ მეწარმეობრივი საქმიანობის ინტერესი და ჩვენს ქვეყანაში ეს საქმე გახდეს პრესტიჟული. საქართველო აგრარული ქვეყანაა, რომელსაც საწარმოო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ გამოცდილების სწორი, მიზნობრივი გამოყენება და თანამედროვე ბაზრის ტენდენციებთან შერწყმა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართული მეწარმეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის“, -განაცხადა დარჩაშვილმა. მისი თქმით, კომპანიის დამფუძვნებლებს, დავით კუპრაშვილსა და ზურაბ მანჯგალაძეს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესს საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა.
შპს „დეზი“ ნატურალურ ქართულ პროდუქტს ამზადებს, რომელიც თაფლის, ნიგოზისა და ხილის ჩირისაგან შედგება. დარჩაშვილის თქმით, კომპანია ნედლეულს გლეხებისგან ყიდულობს, რაც სოფლის მეურნეობის წახალისებასაც გულისხმობს.
"კომპანია დაახლოებით 4 თვის წინ დავაარსეთ. დავიწყეთ ქართული 100%-ით ნატურალური პროდუქტის წარმოება, რომელიც არა თუ ქართულ ბაზარზე, არამედ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზეც არ გვხდება. მცირე მეწარმეები ვართ და წარმოებას ძალიან ფაქიზად ვეპყრობით. ნაწარმი არის ქართული, ნედლეულს გლეხებისა და სხვა მეწარმეებისგან ვყიდულობთ, რაც სოფლის მეურნეობის წახალისებასა და მისი ეფექტიანობის გაზრდასთან არის დაკავშირებული", -აღნიშნავს დარჩაშვილი.
ახალგაზრდა მეწარმის თქმით, პროდუქტის სახელწოდება - "ჯანი" ამომწურავად პასუხობს იმ მთავარ კითხვას, თუ რისი მიცემა შეუძლია მას მომხმარებლისთვის. "ჩვენი პროდუქტი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს, სლოგანიც შესაბამისი შევურჩიეთ - ,,ჯანი’’-ტკბილეულში ნაპოვნი ჯანმრთელობა"-აღნიშნავს ის.
16 წლის მეწარმის დიდი სურვილია „ჯანი“ საერთაშორისო ასპარეზზე მოხვდეს, დღესდღეობით, პროდუქციის შეძენა მხოლოდ ქუთაისშია შესაძლებელი.
"ძალიან მინდა, ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს. ევროკავშირი ხომ შესაძლებლობის ფართო ასპარეზია. ევროპული ბაზარი გამოირჩევა თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციით. ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მოთხოვნა და მოსახლეობას მივაწოდოთ უდიდესი სარგებლის მომტანი პროდუქტი. ვფიქრობ, სამთავრობო დონეზეა გადასაწყვეტი საკითხი, რომ ქართული წარმოების გაზრდა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა", - აცხადებს ქრისტეფორე დარჩაშვილი.
დამწყებ მეწარმეს ამ ეტაპზე საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს, სკოლის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ის სამეწარმეო საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაბმას გეგმავს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე