ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 27 იანვარს ქალაქს 180 გიდი და ტუროპერატორი ეწვევა, გაეცნობა მის ტურისტულ პოტენციალს.
ვიზიტი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესის ფარგლებში იმართება. კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მასპინძელი ქვეყანა ინიშნება არჩევნების მეთოდით. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ფედერაციის წევრი ქვეყნის დელეგატები (ჯამში 90-მდე ქვეყანის წარმომადგენლები).
საქართველომ აღნიშნული უფლება 2017 წელს მოიპოვა. ქვეყანა პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბების ღონისძიებას, რომლის ხანგრძლივობა 2 კვირას შეადგენს. კონგრესს 300 ტურისტული გიდი და სფეროს ექსპერტი ესწრება მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა ამიერკავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში (გარდა ესტონეთისა), რომელსაც მიეცა საშუალება ემასპინძლა ამ ღონისძიებისთვის.
პრე-ტურის ფარგლებში მონაწილეები 3 დღით მიემართებიან მცხეთისა და კახეთის რეგიონებში, რათა გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ქართულ მეღვინეობასა და ტრადიციებს.
პოსტ-ტურის ფარგლებში, მონაწილეები 5 დღეს დაჰყოფენ დასავლეთ საქართველოში, სადაც ისინი მოინახულებენ გორს, ბორჯომს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, წყალტუბოს, ქუთაისს, ბათუმსა და მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიებს.
ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, საქართველო გაიმყარებს პოციზიებს, როგორც MICE ტურიზმისთვის განკუთვნილი ერთერთი საუკეთესო ადგილი.