|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან საქართველოში ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელ მასშტაბებზე და ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში 21 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ქმარმა, გულმკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და 2017 წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის, რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა.  

ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

უჩა ნანუაშვილის  განცხადებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში. 

უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სახალხო დამცველის აპარატთან.

ავტორი: ნიუპრესი