April 30, 2012

“2 მაისი არ იქნება მხოლოდ ქუთაისქალაქობა”

2 მაისს, ქუთაისქალაქობასთან დაკავშირებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რეგიონებიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს.

მუხრანის ტყე-პარკში იმერეთის ყველა რეგიონი კულტურულ პროგრამებსა და სამზარეულოს წარმოადგენს.

ბალახვნის მიმდებარე ტერიტორიაზე კი Biker Show ჩატარდება, რომელშიც 40-მდე ბაიკერი მიიღებს მონაწილეობას.

ღინისძიებები 2 მაისს 9:00 საათზე ბაგრატის ტაძრიდან დაიწყება, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე საყოველთაო ლოცვას აღავლენს. ამის შემდეგ ქალაქის ბულვარის ტერიტორიასა და ოლიმპიურ სკვერში სხვადასხვა საჩვენებელი პროგრამა გაიმართება ფარიკაობაში, კრივსა და ქართულ ჭიდაობაში. 2 მაისს, ქალაქის №3 საჯარო სკოლის წინ გიმნაზიელი გოგონას ძეგლიც გაიხსნება (ქალაქის დღესასწაულის დაარსება სწორედ ამ გოგონას სახელს უკავშირდება). სადღესასწაულო პროგრამათა ნუსხა ყვავილების გამოფენა-გაყიდვასაც მოიცავს, რომელიც „მონპლაზირის” ტერიტორიაზე მოეწყობა. ამავე ტერიტორიაზე შედგება სახალხო კარნავალი ქალაქში არსებული სხვადასხვა თეატრის მონაწილეობით. ასევე, გაიმართება ეკა აბულაძის მოდების ჩვენება. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ქუთაისელთა და არამარტო მათ განწყობაზე „ოჩოს ქოხი”, „ლაივ ბელი”, ბენდი „აისი”, ჯგუფი „თბილისი” და მეგი გოგიტიძე (თავის ბენდთან ერთად) იზრუნებენ. აღნიშნული კონცერტები რეაბილიტირებულ უბანში გაიმართება.

18:00 საათიდან კი კონცერტები მოეწყობა ცენტრალურ მოედანზე. „ღონიძიება დამთავრდება ნინო ქათამაძის გრადიოზული კონცერტით. სავარაუდოდ, მასთან ერთად ჩამოვა ნიაზ დიასამიზეც, რაც სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის. 2 მაისი არ იქნება მხოლოდ ქუთაისქალაქობა. ეს რესპუბლიკური ღონისძიებაა, სადაც მთელი საქართველო იქნება დაპატიჟებული,“ – ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი თემურ ცამციშვილი.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მაისის ღონისძიებებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.