სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

18 აგვისტო ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო, 2026 • NewPress • 70

18 აგვისტო ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

თანამებრძოლებმა ოჯახის წევრებთან ერთად მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს.

თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო.

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.

გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

 

თეგები: გიორგი ანწუხელიძეეროვნული გმირიხსოვნა